საზოგადოება

ვიცე-პრემიერი დავითაშვილი: რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა

18 დეკემბერი, 2023 • 3883
ვიცე-პრემიერი დავითაშვილი: რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ “ქართულ ოცნებას” რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. დავითაშვილის თქმით, მმართველი პარტია რუსეთთან ურთიერთობაში მომავალშიც “არანაირი კომპრომისზე წამსვლელი” არ არის.

“თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირად ფარულ დიალოგშია – როგორც იყო გავრცელებული საზოგადოებაში ინფორმაცია – ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია.

თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ დავითაშვილს სთხოვა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღო მონაწილეობა ოქტომბერში, ჩინეთში გამართულ ბანკეტში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. დეკანოიძის თქმით, აქამდე გაკეთებული განმარტებები, რომლებშიც დავითაშვილი ბანკეტზე დასწრებას პროტოკოლით ხსნიდა, მისთვის დამაჯერებელი არ არის.

“პროტოკოლიც, მათ შორის, უნდა იყოს თანხვედრაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან”, – უთხრა დეკანოიძემ დავითაშვილს და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის პრიორიტეტებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი