ახალი ამბებისაზოგადოება

რაზე მიანიშნებს საპატრიარქოს დუმილი საარჩევნოდ

23 ნოემბერი, 2020 • 2599
რაზე მიანიშნებს საპატრიარქოს დუმილი საარჩევნოდ

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია კენჭისყრის მეორე ტურის დასრულების შემდეგაც უცნობია. ის არც საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებს გამოხმაურებია და არც მის წინასწარ შედეგებს.

დაძაბული პოლიტიკური ვითარების ან პოლიტიკური ცვლილებების დროს საპატრიარქოს სტრატეგია ყოველთვის ერთნაირი არ არის. ამაზე მიუთითებს უახლესი წარსულიც.

არის თუ არა ეკლესიის მხრიდან პოლიტიკური პროცესების შეფასება ან გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვა აუცილებელი? ეკლესიაში ამბობენ, რომ ოფიციალურ შედეგებს ელიან, თუმცა ისმის მოსაზრებებიც, რომ ეს საპატრიარქოს სტრატეგიის ნაწილია, პოლიტიკური გაურკვევლობის ჟამს თავშეკავების გზას მიმართოს და საკუთარი რეპუტაცია უნებლიეთ არ დააზიანოს.

“დაველოდოთ” – საპატრიარქოში ბევრს არაფერს ამბობენ

“ჯერ ხომ ოფიციალურად არ დადებულა [შედეგები]? დაველოდოთ”, – პასუხობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ ეხმაურება საპატრიარქო არჩევნებს მეორე ტურის დასრულების შემდეგაც.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს განცხადებების კეთება მიზანშეწონილი არ არის.

“როდესაც საზოგადოება ასეთი დაძაბულია და ნებისმიერ სიტყვას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს, ალბათ უფრო მიზანშეწონილია, როცა დასრულდება ეს პროცესი, შემდგომში იქნება რაიმე კომენტარის გაკეთება”, – აცხადებს ის.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ახლო წარსულში ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობის დროს, მართალია, საპატრიარქოს ცალსახა შეფასებები არ გაუხმიანებია, თუმცა სიმშვიდისკენ მოუწოდებია როგორც პოლიტიკოსებისთვის, ისე სხვა მოქალაქეებისთვის. ამასთან დაკავშირებით დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ “სიტუაციას მოაქვს ხოლმე საჭიროება” და ამის მიხედვით აკეთებენ განცხადებებს.

არჩევნებთან დაკავშირებით კვირას, 23 ნოემბერს, ჟურნალისტებმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესაც ჰკითხეს. მან პროცესის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრეროგატივაა, მილოცვასთან დაკავშირებით კი თქვა:

“გამარჯვება[გამარჯვებულს] ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა იყოს მშვიდობა. გაიმარჯვა? ხალხის ხმა არის? მივულოცოთ.

არამარტო ჩვენთან, ამერიკაშიც ასეა. გაიმარჯვა პრეზიდენტმა? ვულოცავთ. მართალია, ტრამპი არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი”.

“საპატრიარქოს არ სურს, დაიკავოს პოზიცია, რომელიც თავად მას დააზიანებს”

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს საპატრიარქოს დუმილი, როგორც თავად ამბობს, ეუცნაურება. ის იხსენებს ზუსტად 17 წლის წინ, 2003 წელს განვითარებულ მოვლენებს, როგორც საპატრიარქოს მიერ არჩევნების სრულად იგნორირების იშვიათ შემთხვევას.

2003 წლის 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება უკანასკნელ საათებს ითვლიდა. თუმცა მანამდე პრეზიდენტმა მაინც გახსნა ახლად შეკრებილი პარლამენტის სხდომა, იმ პარლამენტისა, რომელსაც მრავალი აქტორი მიიჩნევდა გაყალბების გზით არჩეულად.

პატრიარქი, რომელსაც, როგორც წესი, პარლამენტის პირველ სესიებზე ყოველთვის იწვევენ, იმ დღეს საკანონდებლო ორგანოში არ გამოჩენილა. შემდგომ ამას სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიდნენ: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ილია მეორე სხდომაზე არდასწრებით მოერიდა მაშინდელი პარლამენტის ლეგიტიმაციას. ისმოდა მოსაზრებებიც, რომ ამ გზით მან მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლების ცვლილებას.

“სხვათა შორის, როდესაც შევარდნაძეს ატოვებინებდნენ პარლამენტის ტერიტორიას, ის კითხულობდა, მოვიდა თუ არა პატრიარქი. ეს არის ერთადერთი, რაც მახსენდება. სხვა დროს ყოველთვის გამოხატავდნენ ხოლმე რეაქციას”, – აცხადებს მირიან გამრეკელაშვილი.

ეკლესიის გადმოსახედიდან მირიან გამრეკელაშვილს დუმილი სწორ სტრატეგიად მიაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, როცა ოპოზიციის ბრალდებებისა და ბოიკოტის ფონზე კვლავ ბუნდოვანია, რა მოხდება შემდგომ.

“თავად პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის, რით დასრულდება ეს ყველაფერი: არჩევნების შედეგი საერთაშორისო დონეზე იქნება ბოლომდე აღიარებული და ლეგალიზებული, თუ არა; რას გადაწყვეტს ოპოზიცია, საბოლოო ჯამში…

[ამ ფონზე]საპატრიარქო ფრთხილობს, რომ არ დაასწროს და რაიმე ხისტი პოზიცია არ დაიკავოს, რომელიც შემდეგ მას თავადვე დააზიანებს. ანუ, ჭკვიანურად იქცევიან”, – ამბობს თეოლოგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აზრს, რომ ეკლესია განსაკუთრებით ფრთხილობს, თეოლოგი ლადო ნარსიაც იზიარებს. ის უფრო შორსაც მიდის და 31 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს: როგორც ამბობს, 9 აპრილის ღამით აქციის მონაწილეების მიმართ პატრიარქის უშედეგო მოწოდების შემდეგ, ამ კუთხით ეკლესიის პოლიტიკა შეიცვალა.

“როცა 9 აპრილს პატრიარქმა მართლაც ძალიან მღელვარე საზოგადოებრივი განწყობების პირობებში შემოიტანა თავისი მესიჯი და პრინციპში,  არ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი… მან დაინახა, რომ ასეთ დროს შეიძლება, სრულებითაც არ იყოს მომგებიანი ეკლესიის სითამამე.

მერე განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს თუ დავაკვირდებით, იყო თუ არა პატრიარქის, ეკლესიის ხმა წყალგამყოფი ისეთ ვითარებაში, რომელშიც მას არ ჰქონდა სრული რწმუნება იმაზე, რომ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა მისი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამოხატვის შემდეგ… ვერ ვხედავთ, რომ ასეთი რამ გაბედა როდესმე, თუნდაც, დავუშვათ, შევარდნაძის 2003 წელი ავიღოთ, მერე სააკაშვილის და ა.შ.”

შეფასებები ეკლესიისგან და სეკულარიზმი: სად არის ზღვარი?

საპატრიარქოს დუმილის საკითხზე დისკუსია სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გააქტიურდა მიტროპოლიტ იოანეს ზემოხსენებული განცხადების შემდეგ. დაისვა კითხვაც: უნდა ულოცავდეს თუ არა ეკლესია გამარჯვებულ კანდიდატს არჩევნების შედეგებს და უნდა აფასებდეს თუ არა ის წინასაარჩევნოდ ან კენჭისყრის შემდეგ განვითარებულ პროცესებს?

მაგალითისთვის, პატრიარქმა გამარჯვებიდან მეორე დილითვე იხმო თავის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ზურაბიშვილმა მაშინ თქვა, რომ სწორედ საპატრიარქოში შებიჯების შემდეგ იგრძნო, რომ პრეზიდენტია. მანამდე ის სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აკრიტიკებდა, რაც ჟურნალისტებმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ შეახსენეს კიდეც. თუმცა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი პროტესტი მხოლოდ არჩევნებში მკვეთრ ჩარევებს შეეხებოდა ზოგიერთი ეპისკოპოსის მხრიდან.

დეკანოზ თამაზ ლომიძისთვის გამარჯვებული კანდიდატისათვის მილოცვაც პოლიტიკურ პროცესში ჩარევას უტოლდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა 23 ნოემბერს, საპატრიარქოს დუმილთან დაკავშირებით დისკუსიაზე გამოხმაურებისას და თქვა, რომ ეკლესია უნდა გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს.

“თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას.

ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება”, – აცხადებს ის.

სეკულარიზმის პრინციპი ამოსავალი წერტილია თეოლოგ ლადო ნარსიასთვისაც, თუმცა, როგორც ამბობს, “არსებობს ფაქიზი ზონები, სადაც პოლიტიკა უნდა განვასხვავოთ ეკლესიის აუცილებელი ვალდებულებისგან”.

“[ეს] გულისხმობს სიმართლის თქმის მოთხოვნას. სიმართლე უნდა ითქვას. ეკლესია მისი მოღვაწეობის სახარებისეული ვალდებულების მიხედვით სამყაროში არსებობს იმის გამო, რომ მან ნებისმიერ ფასად თქვას სიმართლე”, – დასძენს ის.

ამ მოცემულობით, ლადო ნარსიასთვის სიმართლე ისაა, რომ საარჩევნო პროცესში ხარვეზები გამოვლინდა და ამაზე საუბრობენ როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, ისე თავად “ქართულ ოცნებაში”. თეოლოგს მიაჩნია, რომ ეკლესიამ, სულ მცირე, უნდა ახსენოს ეს, განაცხადი უნდა გააკეთოს, განურჩევლად იმისა, მიულოცავს თუ არ მიულოცავს ის “ცესკოს” შედეგებით გამარჯვებულ პარტიას.

ლადო ნარსია

“ვერ ბედავდე, რომ გააკეთო, სულ მცირე, ეს განაცხადი, არა მიმხრობა, არამედ ფაქტის კონსტატაცია თუნდაც ძალიან რბილი მესიჯით… ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საეკლესიო ადმინისტრაცია არა სახარებისეულ ვალდებულებას აღასრულებს, არამედ რაღაც ყვარყვარიზებულ სახეს იღებს…

სახეს ადამიანებისა, რომლებიც ელოდებიან, როგორ შეიცვლება ვითარება, ვის მხარეს იქნება უკეთესობა, რომ მეტაფორულად თუ ვიტყვით, ააფრიალოს ის დროშა, რომელიც, როგორ ყვარყვარე ამბობს, უნდა შეინახო, რადგან რა იცი, რა მთავრობა მოვა. დაახლოებით ასეთი ვითარებაა”, – ეუბნება თეოლოგი “ნეტგაზეთს”.

რა ხდება?

21 ნოემბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებითაც, 17-ვე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.

მეორე ტურს  ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნების პირველი ტური გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც პირველ ტურში ბარიერი გადალახა, არ გეგმავს საპარლამენტო მანდატის გამოყენებას. მათი მთავარი მოთხოვნები ხელახალი კენჭისყრა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილებაა.

მოთხოვნას მმართველი გუნდი არ იზიარებს და არც განიხილავს: ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ. თუმცა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციას მეორე ტურამდე 2 დღით ადრე მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა.

მანამდე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მიმართა, საკანონმდებლო ორგანოდან იბრძოლონ ცვლილებებისთვის. თუმცა უწყებამ ასევე ისაუბრა რიგ დარღვევებზე, რომელთა შორისაც გამოყო ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი