ახალი ამბები

“იქნებ ვცადოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში გაერთიანება” – კალაძე ოპოზიციას მიმართავს

19 ნოემბერი, 2020 • 1580
“იქნებ ვცადოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში გაერთიანება” – კალაძე ოპოზიციას მიმართავს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას მიმართავს, პოლარიზაციის დასრულებასა და პარლამენტში შესვლას სთავაზობს. კალაძე აღიარებს, რომ საარჩევნო პროცესში იყო ხარვეზები, უზუსტობები და ოპოზიციას მოუწოდებს, მათ გამოსწორებაზე საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივად იმუშაონ.

კახა კალაძე ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს და დემოკრატიული სტანდარტით არათუ არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი.

“მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები. იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს”, – წერს კახა კალაძე “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ მიმართვაში.

“ოცნების” გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია.

“გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ! ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს. იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ. იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს”, – ამბობს კალაძე და პასუხისმგებლობას იღებს, როგორც ქალაქის მერი, ძალ-ღონეს არ დაიშურებს ამისთვის.

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ”, – წერს კახა კალაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს…

Posted by Kakha Kaladze on Thursday, 19 November 2020

 

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი