ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენად მიზანშეწონილია ენოტის ყიდვა/გაყიდვა

24 ნოემბერი, 2020 • 6029
რამდენად მიზანშეწონილია ენოტის ყიდვა/გაყიდვა

რამდენიმე დღის წინ კონტაქტური ზოოპარკის მაღაზიის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მაღაზია გარეული ცხოველის – ენოტის ნაშიერებს ყიდდა.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ნაწილის მხრიდან – ინტერესი. ეს პოსტი უკვე აღარ იძებნება. გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურში კი ამბობენ, რომ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია.

მაღაზიაში ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადეს, რომ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და, შესაბამისად, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ენოტი ვერ გამოდგება კომპანიონ ცხოველად და  ადამიანის სახლში სრულფასოვნად ვერ იარსებებს. ამასთანავე, ენოტის მოშინაურების მცდელობა სხვა პრობლემეთანაცაა დაკავშირებული, შესაბამისად, მათი რეალიზაცია კანონით განსაკუთრებით მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.

სამინისტროს მოკლვევა და მაღაზიის პასუხი

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარეული ცხოველებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს შესაბამისი ლიცენზია და სხვა დოკუმენტები მწყობრში აქვს.

კანონში ვკითხულობთ:„აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები,“.

ნეტგაზეთთან ამ თემაზე ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ ისაუბრა. ის ამბობს, რომ ენოტებზე განცხადების შემოსვლის შემდეგ, უწყება მყისიერად მივიდა ადგილზე და ახსნა-განმარტება ჩამოართვა პასუხისმგებელ პირს, ასევე, მოითხოვა ყველა შესამოწმებელი დოკუმენტაცია.

როგორც ის ამბობს, ახსნა-განმარტებითი დოკუმენტის თანახმად, 4 ენოტი 2016-2017 წლებში რუსეთიდან ჩამოიყვანეს, მათი გამრავლების შედეგად გაჩენილ ნაშიერებს კი ყიდიან.

მაღაზიამ ამჟამად უწყებას წარუდგინა საბაჟო დეკალარაცია და უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი შესაბამისი საბუთი.

ჩხობაძის თქმით, თუ დადასტურდა, რომ ეს გარეული ცხოველი არ არის კერძო საკუთრება და დოკუმენტაცია ან ხარვეზიანია, ან რომელიმე ნაწილი აკლია – მაშინ პასუხისმგებელ პირს ცხოველი ჩამოერთმევა და დაჯარიმდება 1000 ლარით.

ამ შემთხვევაში,პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირსაც, ვინც ცხოველს იყიდის, ვინაიდან უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის გაყიდვაც და ყიდვაც აკრძალულია.

„კანონი უშვებს კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერად არის მოყვანილი ან შემოყვანილია უცხო ქვეყნიდან, რაც აუცილებლად უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით“, – ამბობს ჩხობაძე.

მაია ჩხობაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკ გვერდი

ენოტი საქართველოსთვის ინვაზიური სახეობაა, ანუ ესაა ცხოველი, რომელიც საქართველოში თავდაპირველად ჩამოიყვანეს და უკვე შემდგომ გამრავლდა. მაია ჩხობაძე ამბობს, რომ ისინი ძირითადად კახეთში, ლაგოდეხის მახლობლად სახლობენ.

მისივე განმარტებით, ენოტი სამონადირეო კვოტაში დაშვებულია, ოღონდ განსაზღვრულ ადგილასა და დროს. ამის მიუხედავად, საქართველოში ენოტის დატყვევება ან/და გაყიდვა აკრძალულია.

მაია ჩხობაძე ამბობს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახლა ამუშავებს კანონპროექტს, რომლითაც გაყიდული გარეული ცხოველების მიკვლევადობა კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. მათ შორის, რეგისტრაციისა და მარკირების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მაღაზიას, რომელიც ენოტებს ყიდდა, იქ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ცხოველები, ყველა დოკუმენტაციის დაცვით, თავდაპირველად რუსეთიდან შემოიყვანეს და უკვე შემდეგ გაამრავლეს. მაღაზიაში ამბობენ იმასაც, რომ კონკრეტულად ეს ენოტები აგრესიულები არ არიან და მიჩვეულნი არიან ადამიანთან ცხოვრებას, ადამიანის ხელიდან ჭამას და სხვა.

თუმცა, სანამ ამ ცხოველს ვინმეს მიჰყიდიან, აუცილებლად უხსნიან, რომ ენოტს სპეციალური მოვლა სჭირდება – „იდეალურ შემთხვევაში, ეს იქნება დიდი ეზო ვოლიერით, სადაც ცხოველს მოძრაობის და აქტიურობის საშუალება ექნება,“. სახლში ყოფნის შემთხვევაში კი ცხოველმა შესაძლოა ზოგიერთი ნივთი დააზიანოს. მაღაზიაში ამბობენ, რომ ენოტი არ არის მოთხოვნადი ცხოველი, მას იშვიათად ყიდიან და მისი ფასი 500 დოლარია. რაც შეეხება ცხოველის კვებას, ისინი კატის მშრალ საჭმელს ჭამენ.

ენოტი კომპანიონი ცხოველი არ არის

ენოტებისა და სხვა გარეული ცხოველების ყიდვა/გაყიდვა ამ შემთხვევით არ დაწყებულა. მარტივი ექსპერიმენტისთვის, გუგლის საძიებო ველი სიტყვათშეთანხმებაზე – „იყიდება ენოტი“  5,640 შედეგს იძლევა. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში 5,640 ენოტი იყიდება ან ყველა ამ საიტს პოტენციურ გამყიდველამდე მივყავართ, თუმცა მათ მიღმა რეალური განცხადებაც და რეალური ცხოველიც ბევრია.

თუმცა ენოტი კომპანიონ (შინაურ) ცხოველად ვერ გამოდგება, ვინაიდან ის საფრთხეს წარმოადგენს როგორც მეურნეობისთვის, ასევე, ზოგჯერ – ადამიანისთვისაც.

„ენოტი გახლავთ ცხოველი, რომელიც გავრცლებული იყო ჩრდილოეთ ამერიკაში და შემდეგ შემოიყვანეს კავკასიაში და საქართველოშიც. შესაბამისად, ის ინვაზიური სახეობაა და სახიფათოა ბიომრავალფეროვნებისთვის. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი ცხოველი, რამაც, როგორც ჩანს, გამოიწვია .. [მისი მოშინაურების და გაყიდვის ფაქტები]“, – ამბობს ნეტგაზეთთან თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

გურიელიძის განმარტებითვე, გარეული ცხოველის მოშინაურება უცბად არასდროს ხდება, ენოტის შემთხვევაში კი, თუ ის გაიქცა, მას ახალი ტერიტორიების ათვისება შეუძლია და, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნებისთვის საფრთხის შექმნა. ამასთანავე, არც ცხოველის კეთილდღეობისთვისაა ეს მდგომარეობა სახარბიელო.

„აგრესიული ცხოველი არ არის, მაგრამ ენოტი მიეკუთვნება იმ ცხოველებს, რომლებსაც ცოფი შეუძლიათ გადაიტანონ, მაგრამ თვითონ მათ არ ემართება. ის არის ჩვეულებრივი მტაცებელი, საკმაოდ ეფექტური და ჭკვიანი.

დიდი ზომის ცხოველებისთვის საფრთხეს არ წამოადგენს, ფრინველებისათვის, ქათმებისთვის კი სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამიტომ არის ენოტი ბიომრავალფეროვნებისათვის სახიფათო ცხოველების ნუსხაში. მათი ამგვარად ყიდვა-გაყიდვა აბსოლუტურად მიუღებელია“, – განამრტავს გურიელიძე.

ჩვენს კითხვაზე, ხედავს თუ არა დღევანდელ კანონმდებლობაში ხარვეზს, გურიელიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო პროცესებზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა ენოტების ყიდვა-გაყიდვა მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული.

„მკაცრი რეგულირება უნდა იყოს, უცხო სახეობების ინვაზია არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც კაცობრიობის წინაშეა. ეს კი აძლიერებს ამ პრობლემას – უკონტროლო გაყიდვა“, – დასძენს გურიელიძე და განმარტავს, რომ მსგავს მაღაზიებსა თუ ორგანიზაციებს ენოტების გაყიდვის საშუალება თავიდანვე არ უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან, როგორც წესი, ამას ცხოველებისთვის სარგებელი არასდროს მოაქვს.

ნეტგაზეთთან ენოტების გაყიდვის პრობლემაზე ისაუბრა ცხოველების უფლებადამცველმაც, თინათინ ჭავჭანიძემ. მისი თქმით, ხშირად კანონმდებლობა ვერ იცავს გარეულ ცხოველებს ამ და სხვა საფრთხეებისგან.

„ჩვენ ვიცით, რომ არის ცხოველი გარეული, ფერმის და კომპანიონი. ამ უკანასკნელ ჯგუფში ადამიანები ცდილობენ შეიყვანონ ისეთი ცხოველებიც, რომლებიც არც ზოოლოგიური და არც სხვა მოცემულობით არ არის „მოწოდებული“, რომ იცხოვროს სახლში. გარეული ცხოველი ეს არის ცხოველი, რომელსაც თავისი ბუნებრივი გარემო გააჩნია და აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს იქ “, – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

თინათინ ჭავჭანიძე. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

„ენოტებს აქვთ თავიანთი ბუნებრივი არეალი, სადაც გაცილებით უკეთ ცხოვრობენ. ამასთანავე, ის შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების მატარებელი, რომელიც ადამიანებისთვისაც სახიფათოა“.

რაც შეეხება ცხოველების ყიდვა-გაყიდვას საქართველოში, თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა იმდენად ხარვეზიანია, რომ მასში არსებობს ხვრელი, რომელიც თავის მხრივ, გარეული ცხოველების ყიდვა-გაყიდვის საშუალებას იძლევა. ის მიიჩნევს, რომ გარეული ცხოველების გაყიდვა განსაკუთრებით მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.

„დოკუმენტაციაც, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური ითხოვს ხოლმე, სწორედ ასეთი ხვრელია… ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ბიზნესი ყველაფერს ამართლებს, საქვეყნოდ დაგმობილ წესებსაც კი“.

ის იხსენებს, რომ ხშირია, როდესაც გარეულ ან ეგზოტიკურ ცხოველებს საქართველოს ონლაინ მაღაზიებშიც ყიდიან. მაშინ, როდესაც ვერც ერთი გარეული ცხოველი ვოლიერებსა თუ ადამიანის სახლებში ვერ იცხოვრებს ისე სრულფასოვნად, როგორც მის ბუნებრივ გარემოში.

„ჩვენ ევროკავშირი გვავალდებულებს, რომ კანონმდებლობა გავმართოთ, იქნება ეს ფერმერული ცხოველების კეთილდღეობის, გარეული ცხოველებისა თუ სხვა კუთხით. მაგრამ ეს არ ხდება. მე ამაში ვხედავ ნების არარსებობას – ჩინოვნიკები არ არიან მზად შეუერთდნენ საყოველთაოდ მიღებულ და აღიარებულ წესებს”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი