ახალი ამბები

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

18 ნოემბერი, 2020 • 1639
აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და უარი ბოიკოტზე, რათა ცვლილებები შიგნიდან მოხდეს, – ეს არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ბრიფინგის ერთ-ერთი აქცენტი.

განცხადებები ადგილობრივ მედიასთან მაიკ პომპეოს არ გაუკეთებია, თუმცა 18 ნოემბერს, მისი გამგზავრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ბრიფინგი ვიზიტთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოური პრესის თანდასწრებით გაიმართა.

ბრიფინგის ტექსტში სპიკერები დასახელებულები არ არიან. პირველმა მომხსენებლმა განაცხადა:

დავიწყებ იმით, რომ საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატია, 20 წლისა. 90-იანი წლები მართლაც უკანონობაში ჩაკარგული ათწლეული იყო. [ქართველები] 20 წელია, მუშაობდნენ დემოკრატიისთვის. შეერთებული შტატები ეხმარება მათ, მაგრამ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ვიხილეთ… მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები ჰქონდათ და ამ არჩევნებშიც ვნახეთ მსგავსი ტიპის დარღვევები: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საჯარო მოხელეების ხმის მიცემად მობილიზების კუთხით.

რაც ამ წელს არაჩვეულებრივი იყო, იყო კოვიდი. არ იყვნენ მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩვეულებრივად დიდი ჯგუფები. იყვნენ ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები და მოკლევადიანი დამკვირვებლები, მაგრამ არა ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც წინა შემთხვევებში. რა თქმა უნდა, აშშ-ის მისიამ და სხვა საელჩოებმა არაოფიციალური, არაფორმალური გუნდებიც გავგზავნეთ.

ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, გააკეთა შეფასება, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესად ჩატარებული – ნაკლები სიძულვილის ენით, ნაკლები აგრესიული ტაქტიკით არჩევნებამდე და პატივს სცემდნენ ძირითად თავისუფლებებს გამოხატვის თავისუფლების მხრივ და ა.შ. — მაგრამ, ამავე დროს, დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, რაც სამწუხაროდ, 30 წელია წამლავს არჩევნებს საქართველოში. ჩვენმა გუნდმაც ნახა ეს. ჩვენი საელჩოს განცხადება ასახავდა ამას.

ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებდით, რომ დარღვევების შესახებ პრეტენზიების მოგვარება სცადონ სამართლებრივი პროცესის მეშვეობით, [იმ სასამართლო სისტემაში] რომელიც საქართველომ შექმნა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მათ — ბევრ ადამიანს საქართველოში — არ აქვს დიდი ნდობა სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. კიდევ ერთხელ, ეს ისევ ის ინსტიტუტებია, რომლებიც განვითარების პროცესში არიან. ამიტომ, კი მოხდა გასაჩივრება, მაგრამ არ ჰქონდა დიდი ნდობა, [სასამართლო, ცესკო] ნამდვილად ისე დაკვირვებით განიხილავდნენ საჩივრებს, როგორც, მათი აზრით, საჭირო იყო. ასე რომ, არჩევნების მეორე დღესვე ისინი [ოპოზიციური პარტიები] ახალ არჩევნებს ითხოვდნენ.

ის, რამაც ბევრი ჩვენგანი შეაფერხა, იყო გარემოება, რომ შედეგები და გამოთვლები არც ისე შორს იყო ერთმანეთისგან. ოფიციალური შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში, დიდად არ იყო დაშორებული იმ პროცენტული მაჩვენებლებისგნ, რაც ადგილობრივი დამკვირვებლების პარალელურმა გადათვლამ უჩვენა. და, შესაბამისად, მაშინვე ცხადი არ ყოფილა, რომ ეს იყო, ერთგვარად, ფატალურად ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები. რამდენად უარესი იყო ის წინა არჩევნებზე, რასაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არ მოჰყოლია?  კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას მოვუწოდებდით, გამოიყენეთ იურიდიული მექანიზმები, რაც წლების განმავლობაში ააშენეთ, რათა ეს ბრალდებები განიხილოთ. ხელახალი გადათვლის პროცესი და მსგავსი საკითხები. მოდით, ვთქვათ, ისე გამჭვირვალედ არ გამართულა, როგორც ეს უნდა ყოფილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც ეჭვის გრძნობა გაამძაფრა შედეგების მიმართ.

მე და ევროკავშირის ელჩი შეხვედრების სერიას ვმასპინძლობთ ყველა მხარესთან … რათა ვცადოთ და ვნახოთ, თუ შესაძლებელია მოლაპარაკება ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად. რადგან ის, რასაც ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, არის, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში, ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. და ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები.

ეს მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა კონსტიტუციური ცვლილებები, რამაც მოიტანა უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ამ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე ოდესმე — ცხრა პარტიით, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, სადაც უფრო მეტი ქალია საარჩევნო ცვლილებების შედეგად. ზოგიერთი პრობლემა, რაც ამ არჩევნებზე დავინახეთ, შეიძლება იყოს – უნდა ყოფილიყო – შეტანილი იმ საარჩევნო რეფორმაში, რაც ზაფხულში განხორციელდა. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს, ასე რომ, საარჩევნო რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ეს შეიძლება ყოფილიყო, ისინი რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში ცვლილებების პროცესში.

ასე რომ, კვლავ ბოიკოტისკენ მოწოდება ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას ჰგავს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, შევიდნენ პარლამენტში, მოახდინონ საარჩევნო ცვლილებები, რაც არსებითია, რომ შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და რათა აღარ ვნახოთ … იმავე ტიპის დარღვევების განმეორება. ეს არის ის, რასაც ჩვენი – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ: მაგიდასთან დასხან არა იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ თვითონ იპოვონ გამოსავალი, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, — რადგან მათ კვლავ მოუწევთ ერთად მუშაობა პარლამენტში — რათა შედგეს პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან რეფორმირებას. შემდეგ კი, თუ იქნება, — როცა იქნება, — ახალი არჩევნები, გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომლის ნდობაც ყველას ექნება და ამ ტიპის კითხვები აღარ იქნება.

სწორედ ეს არის სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლოს რეფორმის თემაზე სახელმწიფო მდივნის შეხვედრის მიზეზი, რადგან რეალურად, აქ მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო რომ ყოფილიყო, ის პრეტენზიები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც გახმიანდა, შეიძლება გადაწყვეტილიყო სასამართლოში და ხალხს შედეგის ნდობა ექნებოდა. ახლა ისინი გადიან ამ პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შემდეგ, შესაძლოა ,სასამართლოში. საჩივრების ნაწილი სასამართლოში გადავიდა. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა განხილვის პროცესს, იქნება ეს ცესკოში თუ სასამართლოში, ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“.

სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დეპარტამენტის მეორე წარმომადგენელმა (რომელიც ასევე არ არის დასახელებული) განაცხადა:

„მე დავამატებდი, უფრო ფართო სურათი რომ დავინახოთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენიდან შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა პროდასავლური პერსპექტივა და ჩვენი ძალიან ძლიერი პარტნიორია. ევროკავშირთან ერთად მუშაობით ისინი ხაზს უსვამენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის სურვილს. ისინი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ მდივანს ხაზგასმით სურს თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და, რა თქმა უნდა, უნდა გახსოვდეთ, რომ რუსებს ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ. ისინი აგრძელებენ მოსკოვის მიერ შექმნილი არასტაბილურობის ელემენტთან გამკლავებას.

მაგრამ ისინი ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან და მდივანს სურს ხაზი გაუსვას მხარდაჭერას, დარჩით თქვენსმიერ შექმნილი ინსტიტუტების ერთგული, ზუსტად ისე, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, დროთა განმავლობაში დახვეწეთ ისინი, სრულყოფილი გახადეთ. ეს არის რეალური გზავნილი, რის გამოც ის ჩამოვიდა სახელმწიფოს წარმომადგენლების სანახავად – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის. ის ასევე აპირებს პატრიარქის მონახულებას … შემდეგ კი, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას.

ის თბილისში ტოვებს მაღალი რანგის კოლეგას, რომელიც შეხვდება ოპოზიციონერ ფიგურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების მხარდაჭერას ამ ინსტიტუტების განვითარებაში;  კიდევ ერთხელ, გზავნილი ასეთია: გამოიყენეთ ეს ინსტიტუტები. ბოიკოტს ნუ გამოაცხადებთ და თქვენს მიზანს ასე ნუ მიაღწევთ. ასევე, შეხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგან გზავნილის ნაწილია ნდობის გაზრდა და ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისეთ ნაწილში, რომელსაც ვაჭრობის, ინვესტიციების დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ, ამავე დროს, რთულ სამეზობლოშია.

თუკი კავკასიის სხვა ნაწილებში არსებულ ვითარებას გადახედავთ, ნახავთ, რომ საქართველო, ისევე როგორც ჩვენ, მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობას მთიან ყარაბაღში…

ამის შემდეგ კვლავ პირველმა სპიკერმა ისაუბრა და განაცხადა: „რომ შევაჯამოთ, როგორც ჩემი კოლეგა აცხადებდა, ეს არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ნეიტრალურ როლს თამაშობდა ძალიან რთულ სამეზობლოში, სადაც დიდი მოძრაობაა.

„ისინი თავიანთ თავს ხედავენ, როგორც კარიბჭეს, როგორც ხიდს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. მათი ორიენტაცია ევროპისკენაა. ქვეყნის მისწრაფებაა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ნატოს წევრი და მე ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხოლოდ გააძლიერა ეს რწმენა,  გარდა კულტურული განცდისა, რომ საქართველო არის ევროპასთან.

ის აზრი, რომ აქ რუსული ჯარები არიან, სომხეთში — მათი არჩევანით, — და მთიან ყარაბაღში, ახლა როგორც სამშვიდობოები, ემატება ამ განზომილებას, რაც საქართველოსთვის უცხო არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მათ უფრო უბიძგებს იმის დემონსტრირებისკენ, რომ ეს წარმატებული, დასავლეთზე ორიენტირებული დემოკრატიაა, რომელიც ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი