ახალი ამბები

ნამახვანი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივები აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ

16 ნოემბერი, 2020 • 897
ნამახვანი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივები აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიციის მიერ 14 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გაპროტესტებას დღესაც გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა დაუდასტურა.

გოლეთიანის თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების განახლება გახდა:

“ჩვენ დღეს არ ვგეგმავდით აქციას, უბრალოდ, კომპანიამ განაახლა სამუშაოები. დაპირებულები იყვნენ, რომ პირიქით, ტექნიკა უნდა გაეყვანათ და მთის მიმართულებით ისევ გადაადგილდებიან ტრაქტორები. ამის შემდეგ ხალხს, ვისთანაც გვაქვს შეხება, დავურეკეთ. ხეობის მცხოვრებლები და სხვა ადამიანები ვაპირებთ შეკრებას”, – განმარტა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვა არ იგეგმება და მშვიდობიანი აქციის ფარგლებში ადგილობრივები კომპანიისგან მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.

ნამახვანის ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უკვე 23-ე დღეა, რაც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვს გაშლილი. გოლეთიანის თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა. “შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი