ახალი ამბებისაზოგადოება

რისთვის ჩამოდის პომპეო საქართველოში

12 ნოემბერი, 2020 • 2486
რისთვის ჩამოდის პომპეო საქართველოში

ტრანზიციის პერიოდში მყოფი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის სავარაუდო ბოლო ვიზიტი ევროპაში თბილისში გაიმართება. მაიკ პომპეო 13-22 ნოემბერს საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ ცნობა სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 ნოემბერს გაავრცელა. აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებები მეორე დღეს გაკეთდა. მსგავსი ვიზიტის მომზადების შესახებ მანამდე ცნობილი არ ყოფილა.

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში ემთხვევა, ერთი მხრივ, შიდაპოლიტიკურ კრიზისს, როცა ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნების შედეგების ცნობასა და საპარლამენტო მანდატების მიღებაზე, მეორე მხრივ – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას. ამ ვითარებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, იმის მიუხედავად, თუ რა თავდაპირველი მიზეზითა და მიზნით არის განპირობებული, მრავალმხრივ დატვირთვას იძენს.

მოწოდება დემოკრატიული რეფორმებისკენ

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, “რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ”.

“ცალსახად იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული განვითარებისკენ ინტენსიური სვლა და უნდა აღმოიფხვრას ყველა ის შემთხვევა, რაც ამ პროცესს ეჭვქეშ აყენებს”, – ამბობს ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მოიცავს საკითხების მთელ სპექტრს და განხილვის საგანი მხოლოდ შიდა პოლიტიკა ან მხოლოდ რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება არ იქნება.

დღის წესრიგი ოპოზიციის გარეშე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საკითხებს ბოლოს 27 ივლისს გამოეხმაურა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

31 ოქტომბრის კენჭისყრის მეორე დღეს ამერიკის საელჩომ გაიზიარა ეუთო/ოდირის პირველადი შეფასება, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”. ამავდროულად, თქვა, რომ საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები – ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა – საქართველოს საარჩევნო პროცესის აზიანებს და მიუღებელია, თუმცა “შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის”.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით კი, 31 ოქტომბრის არჩევნები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული იყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნები გაყალბებულად გამოცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი მომიტინგეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის — მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. შსს-მ კი განაცხადა, რომ მომიტინგეები არღვევდნენ კანონს და ცდილობენდნ აკრძალული ტერიტორიაზე შესვლს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ხელახალი არჩევნების პირობებზე გამართავს, “ქართული ოცნება” კი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობად არჩევნების შედეგების პატივისცემას ასახელებს.

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამ მდგომარეობას უწოდებს ნულოვანი ჯამის თამაშს (zero-sum game), რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს, და მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ორივე მხარეს უპირობო დიალოგისკენ მოუწოდებს.

“მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი მაინც არჩევნებთან შექმნილი კრიზისის ირგვლივ იქნება. იქნება რეკომენდაციები აშშ-ის მხრიდან იმის თაობაზე, თუ როგორ მოგვარდეს ეს კრიზისი, პირველ რიგში, ეს იქნება მოწოდება დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე — ორივე მხარე უპირობოდ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მერე გამოჩნდება, ვის რა პირობა და შეხედულებები აქვს. უნდა შეთანხმდენენ მოლაპარაკების პრინციპებზე და საკითხების თანმიმდევრობაზე, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც მხარეები კომპრომისის მიღწევას ცდილობენ”, – ამბობს გოგოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სახელმწიფო მდივანი, თბილისში ვიზიტისას, ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ოპოზიციასთან ან სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის, თუმცა ენმ-ში იმედოვნებენ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება.

“იმედია, რომ რაც არ უნდა დაძაბული გრაფიკი იყოს, გამოინახება დრო ოპოზიციასთან შეხვედრისთვის, მით უმეტეს, ოპოზიცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქართველი ხალხის 52%-ს თუნდაც გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით. ცხადია, ოპოზიციას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, ამ ვითარებაში შეხვდეს აშშ-ის სახელემწიფო მდივანს და გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი ბარამიძემ.

პომპეოს ვიზიტისას “ხალხის მობილიზების” ინიციატივით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პომპეოსთვის აქციის მოწყობას არ აპირებდა. საბოლოოდ ოპოზიცია “განსხვავებული ფორმატის” აქციაზე შეთანხმდა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მოქალაქეები მაიკ პომპეოს სოციალური დისტანციის დაცვით დახვდებიან და მხოლოდ ერთ სიტყვას იტყვიან – „გაყალბებულია“.

მთიანი ყარაბაღი, ახალი რეალობა და აშშ-ის ინტერესი რეგიონში

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. აზერბაიჯანის განცხადებით, სომხურმა მხარემ შეტევა მიიტანა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. ომის განმავლობაში სამი ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა: ორჯერ — რუსეთის, ხოლო ერთხელ აშშ-ის შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში მხარეები აცხადებდნენ, რომ მოწინააღმდეგე ზავის პირობებს არ იცავდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის არმიამ შეძლო აეღო ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ხოჯევანდის, ხოჯალის, ლაჩინის რაიონები, ასევე, ქალაქები: ჰადრუთი და შუშა, რომლებიც ომის შემდგომ ძირითადად მხოლოდ სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული.

10 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ომის დასრულების შეთანხმებას ალიევთან და პუტინთან ერთად, რომლის ტექსტიც დაუჯერებლად მტკივნეული იყო სომეხი ხალხისთვის. შეთანხმება 9 პუნქტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას, რუს მშვიდობისმყოფელებსა და ლაჩინისა და ნახიჩევანის კორიდორების შექმნას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში ჩადგება 1960 რუსი მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდასთან ერთად (ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედროების ჩათვლით), გაიზარდა თურქეთის ჩართულობა — თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებაში დასავლეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების — საფრანგეთისა და აშშ-ის — სახით, ფაქტობრივად, თამაშგარედ დარჩნენ. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შუამავლობით მიიღწეული ჰუმანიტარული ზავის პირობები რამდენიმე საათში დაირღვა.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის აზრით, შექმნილ ვითარებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი სწორედ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების კონტექტში უნდა განვიხილოთ — ამ გზით შეერთებული შტატები აკეთებს განაცხადს საკუთარი ინტერესის შესახებ რეგიონში.

“საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, რეგიონში მთლიანად შეცვალა ძალთა ბალანსი — ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამოჩნდა რუსული სამშვიდობო ძალები, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სომხეთი, მეორე მხრივ, აზებაიჯანი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ კონფლიქტის შემდგომი ტრანსფორმაციის პროცესში რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგზე. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საკუთარი პოზიციები, თუმცა მისთვის დიდი გამოწვევაა, არ გადაიქცეს საკუთარი მიღწეული წარმატების მძევლად, როგორც თავის დროზე სომხეთი გახდა ყარაბაღის მძევალი.

დიახ, შეიძლებოდა რუსეთს გაეკეთებინა ბევრად უფრო მეტიც, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალსიწინოთ, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეტრიალება უახლოესი მომავლისთვის წარმოუდგენელია. პარალელურად, აზერბაიჯანის შემდგომი პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს, მაგალითად, წინსვლას ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად, მნიშვნელოვნად იქნება შეფერხებული რუსული ფაქტორით. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, თურქეთი არასდროს ყოფილა ასეთი აქტიური რეგიონში”, – განაცხადა გობრონიძემ.

ეს ყველაფერი, მისი თქმით, აჩენს აუცილებლობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს განაცხადი საკუთარი ინტერესის შესახებ რეგიონში — აჩვენოს მის სტრატეგიულ მოკავშირეს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ დგას მოკავშირეების გვერდით და არ ტოვებს ამ ხალხს.

“შესაბამისად, პომპეოს ვიზიტი, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ როგორც სიგნალი რუსეთის თუ თურქეთის ხელისუფლებისადმი თუ ნებისმიერი სხვა რეგიონული აქტორისადმი, რომ საქართველო და აშშ კვლავ რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად. მნიშვნელოვანი იქნება ამ პარნტიორობის განხილვა იმ კონტექსტში, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რით შეიძლება აშშ დაეხმაროს და გაუმჯობესდეს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა, როდესაც რეგიონში ასეთ, პრაქტიკულად, რევოლუციურ ცვლილებებს ვხედავთ”, – ამბობს გობრონიძე.

შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს ინტერესებისთვის?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ექნება თუ არა საქართველოს საკუთარი ინიციატივები და შეთავაზებები ამერიკული მხარისადმი.

“ჩვენ ძალიან ჩავიკეტეთ, ჩვენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, შიდა პროცესების შეფასებით ვართ დაკავებული, მაშინ, როცა ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას მთელი რეგიონი. ამიტომ, ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტები და შეფასება, ფოკუსი მოხდეს სწორედ ამ განზომილებაზე. ზუსტად ამ დროს, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ხაზგასმაა“, – ამბობს დავით ზალკალიანი.

კახა გოგოლაშვილის აზრით, მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვა არ არის პომპეოს საქართველოში ვიზიტის პირდაპირი მიზანი. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე, უფრო კი, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს პოზიციაზე საუბარი იქნება.

“რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. ამ ვითარებაში საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება ამერიკის შერთებული შტატების მეტი პოლიტიკური და მომავალში, შესაძლოა, სამხედრო მხარდაჭერა”, – მიიჩევს გოგოლაშვილი.

ეკა აკობიას თქმით, პირველ რიგში, ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს ცხოველი ინტერესი, მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, შეცვლილი რეგიონული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აქტიურად დააყენოს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და გაააქტიუროს მუშაობა, რათა ხელშესახებად გაძლიერდეს აშშ-თან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და გააქტიურდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი.

“თუმცა აქ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საორჭოფო ვითარებაშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზა გადის შიდა რეფორმებზე, ამ მიმართულებით კი ბოლო წლებში იმდენად მწირია ჩვენთან პროგრესი, რომ ჩვენი თხოვნა თავის თავში მოიცავს პრობლემას. თუ ჩვენ ვერ ვასრულებთ საშინაო დავალებას და მერე სტრატეგიულ პარნტიორებს ვთხოვთ, დაგვეხმარონ იმაში, რისკენაც თვითონ არ ვდგამთ ნაბიჯს, ეს ძალიან პრობლემატური პოზიციაა და ამ გადასახედიდან როგორ უნდა პოზიციონირებდეს სწორად საქართველოს ხელისუფლება, ჩემთვის სრულიად გაუგებარია”, – ამბობს აკობია.

გიორგი გობრონიძის თქმით, ჰიპოტეტური იქნება საუბარი იმაზე, რა მიმართულებით შეიძლება აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება, იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა მოლაპარაკების დღის წესრიგში ყველა სახის გამოწვევა დადგება.

“საქართველოს და ამერიკას ისედაც აქვთ სამხედრო თანაშრომლობის დღის წესრიგი, თუმცა შესაძლებელია, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებიდან გამომდინარე, გადაიხედოს ეს საკითხიც, ხელახალი აქტუალიზაცია შეიძინოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ. ქართულ დიპლომატიაზე აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული”, – მიიჩნევს გობრონიძე.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის ფარგლებში განიხილავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარნტიორობის ქარტიით გათვალისიწნებულ საკითხებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს.

“ეს არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ და საინვესტიციო კლიმატზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად შეახსენებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებას.

“ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს [ანაკლიის] პორტის პროექტს”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2019 წლის 11 ივნისს გააკეთა.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაუკავშირებდა თავისუფალ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და დაიცავდა მოჩვენებითი მეგობრების – რუსეთისა და ჩინეთის — ეკონომიკური ზეგავლენისგან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად, წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს. გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენები მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე, “შედეგად კი, ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები”.

“საქართველოს შავი ზღვის პორტებში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: 1. ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული განდევნა პორტის მშენებლობიდან, რომლის მიზანიც იყო, საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული; 2. საქართველოს მხრიდან ნაკლები ძალისხმევა, შესრულდეს ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, განსაკუთრებით, პორტების საქმიანობის კონტექსტში”, – ნათქვამი იყო წერილში.

აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მნიშვნელობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მაიკლ პომპეო უკვე წარმავალი ადმინისტრაციის წარმომადეგენელია. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების თქმით, ამერიკულმა მხარემ რა საკითხიც არ უნდა დააყენოს მოლაპარაკებებზე, შეგვიძლია ლეგიტიმურად მივიჩნიოთ, ვინაიდან ამერიკული პოლიტიკის თანმიმდევრულობას და განგრძობადობას მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტები საარჩვენო ციკლებს მიღმა უზრუნველყოფენ და 2020 წლის 17-18 ნოემბერის ვიზიტის შედეგები მომავალი ადმინისტრაციის გეგმებსა და გადაწყვეტილებებიც აისახება.

პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავენ

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი