მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი გ.მ. დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია.

„ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გულისთვის შეიძლება მისი 15 წლით ციხეში ჩასმა?!“ – თქვა დაკავებულის ბიძამ „ტვ პირველთან“.

დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე „ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ კიდევ ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ეს არასრულწლოვანი იყო გიგა ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც „არის გიგას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი“.

მისი თქმით, ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა 26 სექტემბერს დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა, თუმცა შემდეგ იმნაძემ გაბაშვილი გ.მ.-ს დააკავშირა და 28 სექტემბრიდან მათ „უწყვეტი კავშირი“ ჰქონდათ.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ დღეს დაკავებულმა არასრულწლოვანმა „ბოლო მითითებები“ მისცა საქმის მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე გაბაშვილს, „მამასთან ერთად“.

პროკურორმა სამი თვის წინ მედიასთან თქვა, რომ აღნიშნული არასრულწლოვანი გამოკითხეს და ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, უწყებამ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.


ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.

პირველ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე გამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.

2 ივნისს დემეტრე ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს –  7 წელი, ბრალდებით, რომ მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ და მან ეს დაფარა. ეს სისხლის სამართლის კოდექსიდან მათთვის მიყენებული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელია. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 გამოაკლდებათ. დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 2025 წლის პირველ ოქტომბერს თემქაზე, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.