აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგემ ახალი ჰუმანიტარული ზავით გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რაც მალევე უარყო ოფიციალურმა ერევანმა და განაცხადა, რომ სომხური ძალები შეთანხმებას იცავენ. მოგვიანებით სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ თავად აზერბაიჯანი არღვევდა შეთანხმებას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 სექტემბერს, დილის 08:05 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ახალი რეჟიმი და ქალაქ ლაჩინის მიმართულებიდან თავს დაესხნენ აზერბაიჯანული არმიის ნაწილებს ლაჩინის რაიონ სოფელს საფიანში.
მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ მოწინააღმდეგე თავს დაესხა ტერტერის რაიონსაც.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის ცნობით, რომელიც დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, არცახი [დე ფაქტო მთიანი ყარაბაღი] მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აზერბაიჯანული ბრალდება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
არცახის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თავდაცვის ძალები მკაცრად იცავენ მიღწეულ შეთანხმებას და მტრის ბრალდებები არ შეესაბამება რეალობას. ეს ბრალდებები კეთდება ნიადაგის მოსამზადებლად, რათა დაიწყონ მომავალი პროვოკაციები”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამის შემდგომ სტეფანიანმა განაცხადა, რომ ზავი აზერბაიჯანმა დაარღვია და ცეცხლი გახსნა სომხური პოზიციების მიმართულებით.
“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ში მივაღწიეთ, დაირღვა 08:45 საათიდან. აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით”, – ნათქვამია სტეფანიანის ბოლო განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ ეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რიგით მესამე ჰუმანიტარული ზავია. პირველი შეთანხმება 10 ოქტომბერს მოსკოვში სერგეი ლავროვის მიწვევით მყოფ სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შედგა. მეორე შეთანხმება უკვე ერთი კვირის შემდეგ 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა ამოქმედდებულიყო, თუმცა ორივე შემთხვევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარულ ზავს ცალმხრივად იცავდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე შეტევას აგრძელებდა. გასულ პარასკევს ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეუჰუნ ბაირამოვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომბეოს ამერიკაში შეხვდნენ, სადაც კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი ზავი რუსეთის ფედერაციის აშკარა შუამავლობით დაიდო, ამ ჯერად კი შუამავალი ეუთოს მინსკის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე – ამერიკის შეერთებული შტატებია.