საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მაიკ პომპეო თბილისში ასევე, შეხვდება პატრიარქ ილია მეორესაც.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
“საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით.
ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.