ახალი ამბები

წლევანდელი არჩევნები ყველაზე ნაკლებდემოკრატიული იყო | NGO-ები

4 ნოემბერი, 2020 • 896
წლევანდელი არჩევნები ყველაზე ნაკლებდემოკრატიული იყო | NGO-ები

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მათი განცხადებით, არჩევნებში პროპორციული ელემენტის გაძლიერება პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა წლევანდელი არჩევნები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული იყო. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს 24 ორგანიზაცია.

ერთობლივ განცხადებაში საუბარია წინასაარჩევნო პროცესში მმართველი ძალის მიერ სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ წამოიწყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულაციისთვის.

“წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც ჩვეულებრივ არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება.

ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ, ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია უშუალოდ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე, მათ შორის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაზე.

“არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პირველადი მონაცემები დაგვიანებით, უბნების დახურვიდან შვიდი საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

“პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი”, – აღნიშნულია გაცრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ – იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • კავშირი „საფარი“
  • მწვანე ალტერნატივა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საქართველოს მედია-კლუბი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • ინფორმაციის განვითერაბის  თვისუფლების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
  • რეგიონის განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)
  • სამოქალაქო ინიციატივა
  • სათემო ფონდი ლელი
  • სათემო ოქგანიზაცია „ ნუკრიანი“

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, არჩევნები წარიმართა სერიოზული დარღვევების ფონზე, რიგ შემთხვევებში კი ადგილი ქონდა მასშტაბურ გაყალბებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი