ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფო ვალი შესაძლოა მშპ-ის 62%-მდე გაიზარდოს

12 ნოემბერი, 2020 • 1791
სახელმწიფო ვალი შესაძლოა მშპ-ის 62%-მდე გაიზარდოს

შესაძლოა, 2021 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 62%-მდე გაიზარდოს. საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა ვალის 60%-იან ჭერს აწესებს.

რა ხდება?

ეს საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) ახალი ანგარიშის წარდგენის შემდეგ წამოიჭრა. ამ დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, წერია, რომ ფონდი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების აღებულ მიზანს, რომ:

„საშუალოვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა, რასაც საქართველოს ფისკალური წესი გასაზღვრავს“, რაც, IMF-ის თანახმადვე, „2023 წლისთვის ფისკალურ დეფიციტს მშპ-ს 3%-ს და სახელმწიფო ვალს კი მშპ-ს 60%-ს ქვემოთ ჩამოიყვანს“.

2020 წელს საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი, IMF-ის მონაცემებით, არის მშპ-ის 58.655%, ანუ, თითქმის 29,3 მილიარდი ლარი.

მართალია, ახალ ანგარიშში წერია, რომ მხოლოდ 2023 წლისთვის არის მოსალოდნელი/დაგეგმილი ამ მაჩვენებლის მშპ-ის 60%-მდე შემცირება, თუმცა, რა რიცხვამდეა 2021 წელს გაზრდა დაგეგმილი, არ არის აღნიშნული.

ამ საკითხზე დამატებითი განცხადებები IMF-ის წარმომადგენლებმა, სელიმ ჩაკირმა და მერსედეს ვერა-მარტინმა გააკეთეს „ფორმულასთან“ და BMG-სთან ინტერვიუებში. მათი თქმით, მოსალოდნელია საგარეო ვალის მშპ-ის 62%-მე აწევა.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 12 ნოემბერს ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საგარეო ვალი „60-ის მიდამოებში იქნება, შეიძლება- 62“. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ გადამუშავებულ დოკუმენტს პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენენ.

რას ამბობს IMF?

IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი „ბიზნეს ფორმულაში“ ამბობს: „ჩვენ ველით, რომ სახელმწიფო ვალი მომავალ წელს მშპ-სთან მიმართებაში 62%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპქტივაში, 2025 წლისთვის რამდენიმე პროცენტული პუნქტით იქნება შემცირებული“.

სელიმ ჩაკირმა ეს მიდგომა ასე ახსნა: „პანდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც იქნება საჭიროება, რომ მთავრობა მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს“. თუმცა, ამავდროულად, რისკებზეც ისაუბრა და თქვა: „ბუნებრივია, სწორი ბალანსი უნდა იქნეს დაცული ამ დახმარებებსა და ვალის მოცულებას შორის, რათა ვალებულებების მაჩვენებელი არ გავიდეს კონტროლიდან“.

ჩაკირის თანახმად, გაზრდილი ვალი და დეფიციტი მომავალ წელს, სავარაუდოდ, დაბალანსდება შედარებით აღდგენილი შემოსავლებისა და ბიუჯეტის შემოსულებობების გაზრდის ხარჯზე, თუმცა, თუ ასე არ მოხდა და „თუკი საჭირო დონემდე არ აღდგება საგადასახადო შემოსავლები, შესაძლოა, მთავრობას დამატეიბთ დასჭირდეს ხარჯების შეკვეცა“.

„ჩვენ არ განგვიხილავს მთავრობასთან გადასახადების ზრდის საკითხი, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო იქნება. ჩვენი აზრით, შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსვალი იყოს გადასახადების ეფექტურობის გაზრდა, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადის“, – ამბობს IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმაც თქვა BMG-სთან ინტერვიუში, რომ ვარაუდობენ, რომ ვალის მოცულობა მშპ-ის 62%-მდე გაიზრდება და ორ ფაქტორს გამოყოფს:

„პირველი – პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ვალი ძირითადად არის დოლარში ან ევროში; მეორე – ის დაფინანსებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად“.

ვერა მარტინის თქმით, აქ მთავარი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, ისაა, რომ „ვალის ზრდა ავტომატურად ხარჯვის ზრდასაც არ ნიშნავს“:

„მთავრობა დეპოზიტებსაც ავსებს. თუ გავითვალისწინებთ ამ დეპოზიტებს, იარსებებს ბუფერი იმ შემთხვევისთვის, თუკი უფრო ნეგატიური რისკები გააქტიურდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ ასე არ მოხდება, მაშინ 2022 წელს ვალი 56% იქნება“, – ამბობს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.

რას ამბობს ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვა, რომ  ვალი მშპ-ის „60%-ის მიდამოებში იქნება, შეიძლება- 62%“, და შემდეგ განაცხადა:

„სავალუტო ფონდის დარწმუნება [ამის საჭიროებაში] არ გაგვჭირვებია. დამერწმუნეთ, სავალუტო ფონდი ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა და განსაკუთრებით ადეკვატური და მნიშვნელოვანია კრიზისების დროზე. მათ კარგად იციან და აკრგად გაიაზრეს, რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში და არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირეიბთ. მათ ზუსტად იციან, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების გაზრდა, დეფიციტის გაზრდა“.

საკანონმდებლო შეზღუდვა და ჭერი

საქართველოს 2011 წელს მიღებული „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ბ ქვეპუნქტი საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების 60%-იან ჭერს აწესებს. ანუ ამ კანონის თანახმად ვალი მშპ-ის 60%-ს ვერ ასცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი