ახალი ამბები

8 ნოემბრის აქციის მიმდინარეობისას დავაკავეთ 19 პირი – შსს

9 ნოემბერი, 2020 • 1566
8 ნოემბრის აქციის მიმდინარეობისას დავაკავეთ 19 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკაავეს 19 პირი.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ თქვა, რომ ცესკოსთან შეკრებილი მოქალაქეების ქმედებები გასცდა გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის საზღვრებს.

მისივე ინფორმაციით, ცესკოსთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაზიანდა უწყების ავტომანქანები, პოლიციამ  კი წყლის ჭავლი „გადაუდებელი აუცილებლობის გამო გამოიყენა“.

„აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშაველბულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმრება ადგილზე გაუწიეს, ნაწილს- კლინიკაში“, – ამბობს საბანძე.

რაც შეეხება დაკავებულებს, ის განმარტავს, რომ სულ დაკავებულია 19 პირი.

„პოლიციამ 8 ნოემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისა საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 19 პირი დააკავა,“ – ამბობს საბანაძე და ამატებს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სსკ 225-ე მუხლი

მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ.

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი დაუშინა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა.

შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი