ახალი ამბები

“იყო ორმხრივი გადაცდომები’ – ჯაფარიძე ცესკოსთან აქციაზე

10 ნოემბერი, 2020 • 1033
“იყო ორმხრივი გადაცდომები’ – ჯაფარიძე ცესკოსთან აქციაზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლ,იდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე გადაცდომები ორივე მხრიდან იყო.

ჯაფარიძე მშვიდობიანი პროტესტის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

“ძალიან ცუდი იყო, ცესკოსთან რაც მოხდა. ჩემი აზრით, იყო ორმხრივი გადაცდომები, მაგრამ თუ ვინმე გადაბობღდა ღობეზე, ის უნდა დაეკავებინათ და არ უნდა გამოეყენებინათ წყლის ჭავლი იქ შეკრებილი ასი ადამიანის საწინააღმდეგოდ. არათანაბარზომიერი ძალა იქნა გამოყენებული. თუმცა, თუ ვინმე არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს. იქ სადაც არ უნდა გადაბობღდე, არ უნდა გადაბობღდე. ქვების სროლა მიუღებელია, შეიძლება იყოს პროვოკატორი. მორების სროლა პოლიციის მხარეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომაც გავაკეთეთ განცხადება, სადაც ცალსახად არის ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მასობრივი მანიფესტაციების დროს მუდმივად არის პროვოკაციების საშიშროება, ამიტომ საჭიროა გამიჯვნა პროვოკატორებისგან და ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი მომიტინგეების საზიანოდ.

4 პოლიტიკური პარტია, “ლელოს” ჩათვლით, მანიფესტანტებს მოუწოდებენ, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან.

“მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან  პროტესტს”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი