ახალი ამბები

ცივ ამინდში წყლის ჭავლი უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას – ლომჯარია

9 ნოემბერი, 2020 • 1116
ცივ ამინდში წყლის ჭავლი უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცესკოსთან აქციაზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რაც უფრო მეტად პრევენციულ ღონისძებას და გაფრთხილებას ემსახურებოდა, ვიდრე წუთიერი საფრთის ადეკვატური რეაქცია იყო.

“არსებობს შესაბამისი სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალის გამოყენება ისე, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი. პირველ რიგში, ძალის გამოყენება უნდა მოხდეს პროპორციულად. როგორც წესი, პოლიცია იწყებს და უნდა დაიწყოს ხმოვანი შეტყობინებით, მკაფიოდ გასაგები ფორმით განუმარტოს იქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომ გარკვეული დარღვევების შემთხვევაში დაიწყებს ძალის გამოყენებას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დაიწყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი, ნაკლებად ძალისმიერი ზომის გამოყენება. მაგალითად, თუ არ არის ძალიან დიდი, აგრესიული და შეიარაღებული მასა, შესაძლებელია ეს იყოს ინდივიდუალური დაკავებები. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ზოგადად ცივ ამინდში პირდაპირ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და არაპროპორციულად წყლის ჭავლის გამოყენება ითვლება და საერთაშორისო სტანდარტებით უთანაბრდება არასათანადო მოპყრობასაც კი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მოგვიანებით ლომჯარიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

“მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!” – წერს ომბუდსმენი.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო  ცესკოს შენობასთან მისული, როდესაც პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა.  ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს არაპროპორციული ძალის გამოყენება – ლომჯარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი