კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უფლისციხის დამთვალიერებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელსა და მედიაში ძეგლის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დაიწყო. კონკრეტულად, გიდმა ნანა ზარდიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა უფლისციხის თამარის დარბაზის ფოტოები. ფოტოებში ჩანს, რომ ჭერის ნაწილი რკინის კონსტრუქციითაა გამაგრებული და ის ხიმინჯებითაა დამაგრებული.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ფოტოები არ ასახავს ძეგლის რეალურ მდგომარეობას.
„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს.
სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტოები: ნანა ზარდიაშვილი
