ახალი ამბები

აქციები საოლქო კომისიების შენობებთან შეხლა-შემოხლის ფონზე

5 ნოემბერი, 2020 • 842
აქციები საოლქო კომისიების შენობებთან შეხლა-შემოხლის ფონზე

ქუთაისსა და თბილისში, საოლქო კომისიების შენობებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, ცესკო კი ოპოზიციის საჩივრებს ჯეროვნად არ განიხილავს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდება.

ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერები 69-ე საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ, სადაც სადავო ოქმებს განიხილავენ. ისინი პერიოდულად გზის გადაკეტვას ცდილობენ, რა დროსაც პოლიციის წინააღმდეგობას აწყდებიან და მათ შორის შეხლა-შემოხლა ხდება. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, “დემოკრატიულმა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა”, რაც ხელისუფლების დამსახურებაა.

თბილისში აქციის მონაწილეები ისნის საოლქო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ. “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, თამთა შამათავას ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენელი უსაფუძვლოდ გამოაძევეს სხდომიდან, სადაც საჩივრებზე მსჯელობდნენ.

“როგორც შემდეგ გავიგეთ, უბრალოდ, მათ განუხილველად დატოვეს საჩივრები, როგორც სხვა საოლქოებში. სხვა მოლოდინი არც გვქონდა. მათ, უბრალოდ, გადაწყვიტეს, რომ შერჩებათ ხმების მოპარვა. 21 საჩივარი იყო შესული. ვითხოვდით უბნების ნაწილის გადათვლას და ნაწილის ბათილობას. არცერთი საჩივარი განიხილეს და სხდომა დახურეს”, – უთხრა შამათავამ “ტვ პირველს”.

პარტიის წარმომადგენლებმა შენობასთან პერფორმანსიც გამართეს და საკენკი დაყარეს. როგორც ამბობენ, ამით ხაზს უსვამენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადამიანების მოტყუებას ცდილობს.

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც არიან შეკრებილნი. შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები დგანან.

საოლქო კომისიების შენობებთან აქციები 4 ნოემბერსაც გაიმართა. დღევანდელი მსგავსად, პროტესტი გუშინაც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი