ახალი ამბები

გამოვავლინეთ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია | ენმ

4 ნოემბერი, 2020 • 1693
გამოვავლინეთ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია | ენმ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოვლენილია მინიმუმ ოცი შემაჯამებელი და შესწორების ოქმი, სადაც, მისი თქმით, კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბებულია. ბასილაია ვარაუდობს, რომ რეალურად ხელმოწერების გაყალბება უფრო მეტ ოქმში ფიქსირდება და საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

“შემაჯამებელ ოქმში კონკრეტული წევრის მიერ გაკეთებული ხელმოწერა აბსოლუტურად განსხვავდება რამდენიმე საათში იმავე კომისიის წევრის გრაფაში დასმული ხელმოწერისგან. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური შეცდომა. შეუიარაღებული თვალითაც კი ჩანს, რომ ხელმოწერები გაყალბებულია. ეს ნიშნავს, რომ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 164 მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ 4 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ხოლო 164 მე-3 პრიმა მუხლი გულისხმობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების- საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების- განზრახ გაყალბებას და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ბასილაიას განცხადებით, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურისგან მოითხოვს გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას.

“პროკურატურა ვალდებულია არა მხოლოდ გამოკითხოს კომისიის წევრები, არამედ ჩაატაროს კალიგრაფიული ექსპერტიზაც. ეს უნდა განხორციელდეს შესაძლებლად მოკლე ვადაში. გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად. ჩვენ ველოდებით პროკურატურის რეაქციას დღის ბოლომდე”, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, ხელმოწერებს შორის სხვაობა ვერ აიხსნება ტექნიკური შეცდომით და პროკურატურის მოვალეობაა დაადგინოს, თუ ვინ გააყალბა ხელმოწერები.

რა წერია ოქმებში

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ბექა ბასილაიას და სთხოვა იმ ოქმების ნაწილის გასაჯაროება, რომლის გაგზავნაც პროკურატურაში იგეგმება.

ბასილაიას თქმით, ასეთია 26.66.08 საარჩევნო უბნის ოქმი, სადაც ბასილაიას განცხადებით შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრის, დარეჯან არაჰამიას ხელმოწერა არ ემთხვევა შესწორების ოქმში იმავე პიროვნების ხელმოწერას.

ოქმების ფოტო გამოგზავნილია ბექა ბასილაიას მიერ. ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმი შეგიძლიათ იხილოთ აქ: 26.66.08 

ნეტგაზეთი ხელმოწერების შესაძლო სხვაობის შესახებ დაუკავშირდა შესაბამისი უბნის მდივანს, ნათია სალაყაიას, რომელმაც განაცხადა, რომ “ოქმებში ყველაფერი სწორად იყო, ხოლო დამატებით კომენტარს არ გააკეთებდა.”

შესწორების ოქმში აღნიშნულია, რომ უბანზე პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში N2-ის (სპეციალურ სიაში ამომრჩევლების რაოდენობა) გასწვრივ 0 -ის ნაცვლად  უნდა ეწეროს 3.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელმოწერების გაყალბება ჩანს 11.28.33 უბნის შემაჯამებელ და შესწორების ოქმებშიც. მისი თქმით, კომისიის წევრის, ვ. ზაქაიძის ხელმოწერა გაყალბებულია.

ოქმების ფოტო გამოგზავნილია ბექა ბასილაიას მიერ. ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმი შეგიძლიათ იხილოთ აქ: 11.28.33  

საბოლოოდ, შესწორების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმში შეიცვალა სპეციალურ სიაში მყოფი [ნაცვლად 129-სა 9] და არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რიცხვები [ნაცვლად 129-სა 60].

ნეტგაზეთმა სცადა დაკავშირებოდა 11.28.33 უბნის კომისიის მდივანს, თამარ გურასპაულს, რომლის განცხადებითაც, “შესწორების ოქმზე კომისიის ყველა წევრმა თავად მოაწერა ხელი და რაიმე ტიპის გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.”

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროკურატურას იმისთვის, რომ გაერკვია, დაიწყო თუ არა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება. პროკურატურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის ცნობით, არჩევნები მძიმე დარღვევების, ზოგჯერ კი გაყალბებების ფონზე წარიმართა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც გადალახეს საარჩევნო 1 %-იანი ბარიერი, პროტესტის ნიშნად უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც, რომელთაც ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი