ახალი ამბები

მარნეულის, სავარაუდოდ, გაყალბებულ ოქმში ზაურ დარგალს 300 ხმა გამოაკლდა

3 ნოემბერი, 2020 • 1968
მარნეულის, სავარაუდოდ, გაყალბებულ ოქმში ზაურ დარგალს 300 ხმა გამოაკლდა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 67-ე უბნის  შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, N67 უბანზე ზაურ დარგალმა 173 ხმა მიიღო და არა 473, როგორც ეს საუბნო კომისიის ოქმში იყო მითითებული. პროპორციულში „ქართულმა ოცნებამ“ -162 ხმა. საბოლოო შედეგების შესაბამისად, აღნიშნულ უბანზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო და არა „ქართულმა ოცნებამ“.

გაიგეთ მეტ ამ ოქმზე

473 ხმა დარგალს მიღებული 173-ის ნაცვლად – რას ამბობს საუბნო კომისია?

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, უბნების დახურვის შემდგომ შემაჯამებელი ოქმების შედგენისას პროპორციული სისტემით კენჭისყრის ოქმის N4 გრაფაში მივიღეთ რიცხვი 528 ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიღებული ხმების გრაფაში – 162. მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო სისტემით კენჭისყრის ოქმში კი 4 გრაფაში მივიღეთ იგივე მონაცემები – 528. ხოლო N41 რიგითი ნომრის კანდიდატის გრაფაში – 173. მითითებული მონაცემებით დავასრულეთ ოქმები დავამოწმეთ კომისიის ბეჭდით და გავეცით უბნებზე მყოფ პირებზე. აღნიშნულის შემდგომ მოვიდა კომისიის თავმჯდომარე, დავიწყეთ ინვენტარის შეგროვება და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა, რა დროსაც შესაბამისი ოქმები სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად იდო მაგიდაზე. უბანზე იყო ხალხმრავლობა და არეულობა, რა დროსაც, სავარაუდოდ, შეცვლილი იქნა მონაცემები ოქმებში. ვინ და რა ვითარებაში შეცვალა ოქმების მონაცემები, ჩემთვის უცნობია. მითითებული ცვლილება არ შემიმჩნევია“. – ნათქვამია N67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ალი დურახანოვის ახსნა-განმარტებაში

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მარნეულის საუბნო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას წევრს, ლაშა ქველაძეს. მისი განცხადებით, საოლქო კომისიამ აღიარა, რომ ოქმი გადაკეთებულია, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს 67-ე უბნის კომისიის ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობისგან.

“მათ ახსნა-განმარტებაში ჩაწერეს, რომ თითქოსდა ჩვენ მიერ ოქმის შევსების შემდეგ ოქმი უყურადღებოდ დარჩა და ვიღაცამ ჩაწერა არასწორი მონაცემებიო, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობიდან. ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე” ,- აცხადებს ქველაძე.

ქველაძე ეჭვობს, რომ ოქმში ყალბი ჩასწორება შეგნებულად გაკეთდა.

“ზაურ დარგალმა სულ რაღაც 600 ხმით წყალობით  შეძლო პირველვე ტურში გამარჯვების მიღწევა. რომ არა ეს მიწერები, იგი ვერ გაიმარჯვებდა. ამიტომაც გვაქვს ეჭვი, რომ სხვა უბნებზეც მსგავსად მოხდა ოქმების გადაკეთება. ჩვენ ვითხოვთ მე-18 უბნის შედეგების გაბათილებასაც”, – განაცხადა ქველაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მარნეულის მე-18 უბანზე ხმის დათვლის შემდგომ დაიკარგა შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო ჟურნალი, რაც კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, მეორე დღეს იპოვა პოლიციამ და საუბნო კომისიას გადასცა. ოქმის დაკარგვის და შემდგომში პოვნის არ სჯერათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მარნეულის 67-ე უბნის ოქმები დღეს გაავრცელა სერგი კაპანაძემაც. მისი განცხადებით, ეს მიზანმიმართული გაყალბება იყო: „რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე?!” – წერს იგი ფეისბუკზე. ის ასევე წერს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ის და მისი პარტია „ამ არჩევნების მხილებას“ მიუძღვნიან.

განსხვავებები ოქმებში – რა მოხდა მარნეულის 67-ე უბანზე

სერგი კაპანაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი ოქმი ერთი უბნიდან. ეს უბანია მარნეული-გარდაბნის, ანუ მე-13 მაჟორიტარული ოლქის 67-ე უბანი.

პირველი, ნაცრისფერი ოქმი, კაპანაძის თანახმად, შეესაბამება ოქმის დედანს, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ.

მეორე, ვარდისფერი ოქმი, არის ოქმი, რომელიც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული [რომელიც „ნეტგაზეთმა“ ცესკოს საიტზე გადაამოწმა] და მასზე მითითებული ხმების რაოდენობა არის საბოლოო შედეგებში მითვლილი.

ნაცრისფერი ოქმის თანახნად, — რომელსაც, კაპანაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს:

  • არჩევნებში მონაწილეობა ამ უბანზე, ჯამში, მიიღო 528 ამომრჩეველმა;
  • ენმ-ის კანდიდატ აზერ სულეიმანოვს ხმა მისცა 228 ამომრჩეველმა;
  • „ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალს ხმა მისცა 173-მა ამომრჩეველმა;
  • შესაბამისად, უბანი ენმ-ის კანდიდატმა მოიგო;

ოქმის ასლი. წყარო: სერგი კაპანაძე

ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმი

თუმცა იმ ოქმში, რომელიც ცესკოს საიტზეა ატვირთული და ოფიციალურ შედეგებში ითვლება, სხვანაირი სურათია:

  • არჩევნებში მონაწილეობა ამ უბანზე, ჯამში, მიიღო 828 ამომრჩეველმა;
  • ენმ-ის კანდიდატ აზერ სულეიმანოვს ხმა მისცა 228 ამომრჩეველმა;
  • „ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალს ხმა მისცა 473-მა ამომრჩეველმა;
  • შესაბამისად, ამ რიცხვებით, უბანზე ენმ-ის კანდიდატი დამარცხდა;

კაპანაძის თანახმად, დარგალის 173 ხმა კალმით გადაკეთებულია 473-ად, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა — 528 — გადაკეთებულია 828-ად. ანუ ერთიანი გადაკეთებულია ოთხიანა, სამიანი – რვიანად.


ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კი აცხადებს, რომ „შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი“.

„დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია და გასწორება. შესწორების ოქმების შეყვანაც და საჩივრები იქნება განხილული. ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც სამართლებრივად დააფიქსირებს ნებისმიერი პოლიტიკოსი, იქნება ზუსტად ის შედეგი, რაც არის ყუთში“, – განაცხადა ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში 2 ნოემბერს.

ჟურნალისტის კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება თამარ ჟვანია გადადგეს, ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა: „თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი