ახალი ამბები

473 ხმა დარგალს მიღებული 173-ის ნაცვლად – რას ამბობს საუბნო კომისია?

3 ნოემბერი, 2020 • 1929
473 ხმა დარგალს მიღებული 173-ის ნაცვლად – რას ამბობს საუბნო კომისია?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აქვეყნებს ერთ-ერთ ოქმს მარნეული-გარდაბნის მე-13 ოლქის 67-ე უბნიდან, რომელიც, მისი თქმით, გაყალბებულია და ასეთი პრაქტიკის წყალობით მოიპოვა გამარჯვება „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა.

საუბნო კომისიის მდივანმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ცესკოს საიტზე ატვირთულ ოქმში რიცხვები შეცვლილია, თუმცა არ იცის, ეს როდის ან როგორ მოხდა და ამის შესახებ ახსნა-განმარტება უკვე დაწერეს ოლქში.

განსხვავებები ოქმებში

სერგი კაპანაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი ოქმი ერთი უბნიდან. ეს უბანია მარნეული-გარდაბნის, ანუ მე-13 მაჟორიტარული ოლქის 67-ე უბანი.

პირველი, ნაცრისფერი ოქმი, კაპანაძის თანახმად, შეესაბამება ოქმის დედანს, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ.

მეორე, ვარდისფერი ოქმი, არის ოქმი, რომელიც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული [რომელიც „ნეტგაზეთმა“ ცესკოს საიტზე გადაამოწმა] და მასზე მითითებული ხმების რაოდენობა არის საბოლოო შედეგებში მითვლილი.

ნაცრისფერი ოქმის თანახნად, — რომელსაც, კაპანაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს:

  • არჩევნებში მონაწილეობა ამ უბანზე, ჯამში, მიიღო 528 ამომრჩეველმა;
  • ენმ-ის კანდიდატ აზერ სულეიმანოვს ხმა მისცა 228 ამომრჩეველმა;
  • „ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალს ხმა მისცა 173-მა ამომრჩეველმა;
  • შესაბამისად, უბანი ენმ-ის კანდიდატმა მოიგო;

ოქმის ასლი. წყარო: სერგი კაპანაძე

ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმი

თუმცა იმ ოქმში, რომელიც ცესკოს საიტზეა ატვირთული და ოფიციალურ შედეგებში ითვლება, სხვანაირი სურათია:

  • არჩევნებში მონაწილეობა ამ უბანზე, ჯამში, მიიღო 828 ამომრჩეველმა;
  • ენმ-ის კანდიდატ აზერ სულეიმანოვს ხმა მისცა 228 ამომრჩეველმა;
  • „ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალს ხმა მისცა 473-მა ამომრჩეველმა;
  • შესაბამისად, ამ რიცხვებით, უბანზე ენმ-ის კანდიდატი დამარცხდა;

კაპანაძის თანახმად, დარგალის 173 ხმა კალმით გადაკეთებულია 473-ად, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა — 528 — გადაკეთებულია 828-ად. ანუ ერთიანი გადაკეთებულია ოთხიანა, სამიანი – რვიანად.

„არ ვიცით, როგორ მოხდა – საუბნო კომისია“

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა 67-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივან ქეთევან აბაშიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ცესკოს საიტზე ატვირთულ ოქმში რიცხვები ნამდვილად შეცვლილი და არაზუსტია და ამის შესახებ ახსნა-განმარტება უკვე დაწერეს, თუმცა არ იციან, როდის და როგორ მოხდა ეს.

„ცესკოში დავწერეთ ახსნა-განმარტება მაგაზე. ჩვენ თვითონაც არ ვიცით, ეს როდის მოხდა და როგორ მოხდა. ნამდვილად, თუ არ ვცდები, 172 ხმა, [რეალურად 173] იყო [დარგალის მიერ მიღებული] და ასლები გავეცით კიდეც. შემდეგ როგორ და რანაირად [მოხდა ცვლილება არ ვიცი]. თვითონ უბანზეც არეულობა იყო, ხალმხრავლობა იყო, არ ვიცით, რა მომენტში მოხდა, ვინ და როგორ გააკეთა და დავწერეთ მაგაზე ახსნა-განმარტება, რომ ნამდვილად იყო ას რაღაც ხმა, რომ ეს რიცხვი ჩასწორდეს“. ის იმავეს ამბობს მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზეც.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის, უბანზე მოხდა ეს ცვლილება თუ საოლქოში მიტანის შემდეგ: „ვერ გეტყვით მაგას. სავარაუდოდ, აქვე. მე და თავმჯდომარე, რომ მოვრჩით ამ პროცედურებს, მერე უკვე ვალაგებდით, ინვენტარს ვალაგებდით, ვემზადებოდით გასასვლელად. ეს ოქმი იქვე იდო მაგიდაზე და ამ მომენტში რა მოხდა, როგორ, — იმიტომ, რომ დიდი უბანია, დავდიოდით, საქმეები გვქონდა, შეიძლება ამ მომენტში მოხდა“.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული გაყალბება იყო: „რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე“? – წერს იგი ფეისბუკზე. ის ასევე წერს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ის და მისი პარტია „ამ არჩევნების მხილებას“ მიუძღვნიან.


ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კი აცხადებს, რომ „შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი“.

„დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია და გასწორება. შესწორების ოქმების შეყვანაც და საჩივრები იქნება განხილული. ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც სამართლებრივად დააფიქსირებს ნებისმიერი პოლიტიკოსი, იქნება ზუსტად ის შედეგი, რაც არის ყუთში“, – განაცხადა ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში 2 ნოემბერს.

ჟურნალისტის კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება თამარ ჟვანია გადადგეს, ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა: „თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი