ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი აპლიკაციით ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს

31 ოქტომბერი, 2020 •
სახელმწიფო ინსპექტორი აპლიკაციით ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

საუბარია მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლების მიერ შესაძლო ფოტო-ვიდეოგადაღების წესების დარღევისა და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტებზე.

“აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან აქტიურად გამოიყენება, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაეცნო აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისთვის მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესწავლის შედეგად შეაფასებს აპლიკაციის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და დაწესებულებას მოუწოდებს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ამომრჩეველთა უფლებების დაცვა დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი პირობაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საიამ.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასეთი ფაქტები დააფიქსირეს ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და ბათუმში.

“მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას”, – განაცხადა სალაძემ.

 

newpost-ის მიერ ამომრჩეველთა სახის დასკანერება დარღვევას წარმოადგენს – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი