ახალი ამბები

newpost-ის მიერ ამომრჩეველთა სახის დასკანერება დარღვევას წარმოადგენს – საია

31 ოქტომბერი, 2020 •
newpost-ის მიერ ამომრჩეველთა სახის დასკანერება დარღვევას წარმოადგენს – საია

საია-ს განცხადებით, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლების მიერ ფოტო-ვიდეოგადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები დააფიქსირეს.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასეთი ფაქტები დააფიქსირეს ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და ბათუმში.

“მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას”, – განაცხადა სალაძემ.

საიას ინფორმაციით, დღის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 12-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

  • გარდაბნის #19 უბანზე 07:00 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
  • ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით;
  • საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
  • შუახევში #41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის
    წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე
    უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს
    საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
  • მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის
    ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის
საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და
საუბნო დამკვირვებელი ეყოლება.
საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე
(საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე
მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე
განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია
სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო
კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული
კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე
რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4
პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში.
პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00
საათზე. ხოლო პირველ ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას
გამართავს 12:30 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის
მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის
საელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით.
განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი
ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი