ახალი ამბები

შსს-მ კობახიძის მიერ დღეს გახმიანებული ბრალდებების შესწავლა დაიწყო

30 ოქტომბერი, 2020 • 767
შსს-მ კობახიძის მიერ დღეს გახმიანებული ბრალდებების შესწავლა დაიწყო

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, შსს-მ შესწავლა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იგეგმება ამ პირების გამოკითხვებზე დაბარებაც.

“30 ოქტომბერს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები”,-აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობითვე, პოლიცია საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს და არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ამასთან, მკაცრი რეაგირება მოჰყვება სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს. დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს- მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც,“.

ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფენ და ამბობენ, რომ კობახიძე ოპოზიციას აბრალებს იმას, რასაც „ოცნება“ თავად გეგმავს.

კობახიძე ენმ-ს “ელექტროშოკებიანი და ხელკეტებიანი ეკიპაჟების” მობილიზებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი