ახალი ამბები

კობახიძე ენმ-ს “ელექტროშოკებიანი და ხელკეტებიანი ეკიპაჟების” მობილიზებაში ადანაშაულებს

30 ოქტომბერი, 2020 • 1343
კობახიძე ენმ-ს “ელექტროშოკებიანი და ხელკეტებიანი ეკიპაჟების” მობილიზებაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს.

ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფენ და ამბობენ, რომ კობახიძე ოპოზიციას აბრალებს იმას, რასაც „ოცნება“ თავად გეგმავს.

დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს- მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც,“.

კობახიძემ თქვა, რომ მათ აქვთ „ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილი ამ ადამიანების სიები, რომლებიც დესტრუქციული ქმედებისკენ არიან მობილიზებულნი“ და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეთ.

ამ საკითხზე ნეტგაზეთი ესაუბრა ენმ-ის წევრს, დიმიტრი შაშკინს, რომელმაც გამორიცხა, რომ პარტია არჩევნების დღეს რაიმე სახის პროვოკაციას გეგმავს.

“მე ვიცი, რომ კობახიძე ხელმძღვანელობს გებელსის იდეოლოგიით, გებელსი კი ამბობდა, რასაც თვითონ აშავებ, უნდა დააბრალო სხვას. თუმცა ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ბნელა და ყველა ხედავს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ძალადობაზეა გადასული – ხალხს ცემენ, აშინებენ, ერთმანეთს ესვრიან. ამის გადაბრალება ჩვენზე უნამუსობაა“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ კობახიძე თავის დაპირებას შეასრულებს და პოლიტიკიდან წავა. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ ელოდება არჩევნების დღეს ოპოზიციონრების დაკავებებს კობახიძის განცხადებების ფონზე, პასუხობს:

„მათ არ აქვთ უფლება  კანდიდატის დაკავების, ეს მათ იციან. იურიდიული ნორმაა, აქედან გამომდინარე, [კობახიძე] ასეთი სიტყვებით გამოირჩევა,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი