ახალი ამბები

ურთიერთბრალდებები საარჩევნო დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე

29 ოქტომბერი, 2020 • 950
ურთიერთბრალდებები საარჩევნო დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს წინასაარჩევნოდ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღეს სხვადასხვა პროვოკაციას გეგმავს.

თავად ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ. ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, კობახიძის ბრიფინგი იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნება“ წინასაარჩევნოდ პანიკაშია.

როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, მმართველი გუნდის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ოპოზიცია რამდენიმე სახის შეფერხებას გეგმავს, მათ შორის, მათი დამკვირვებლების მიერ ერთსა და იმავე საკითხზე დიდი რაოდენობით და ხელოვნურად საჩივრების შეტანას.

ასევე, საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრებას, კომისიების ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრაში არმონაწილეობას ან წილისყრის პროცესის ხელის შეშლას, ინფრასტურქტურის დაზიანებას, ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანას და სხვა.

„ასევე იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის. იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე, ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;

იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ. იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა“, – ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, საიდან აქვს “ქართულ ოცნებას” ეს ინფორმაცია, კობახიძემ განაცხადა, რომ ენმ-ის წევრებისგან.

კობახიძის ბრალდებებზე ნეტგაზეთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და მაჟორიტარობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ კობახიძის ბრალდებები სწორედ ის არის, რასაც „ოცნება“ არჩევნების დღეს გეგმავს.

„მე ვფიქრობ, რომ კობახიძისგან ყველანაირ განცხადებას ჩვენი მოსახლეობა უკვე ირონიულად უყურებს, იმიტომ, რომ ამ წაგების მოლოდინში აქვთ პანიკური შიში – მათ შორის, ეს ინფორმაცია გამოდის უშუალოდ მათი შტაბებიდან – იმდენად პანიკური შიში აქვთ, რომ უკვე რასაც ფიქრობენ, რასაც თვითონ აპირებენ და გეგმავენ, გაამჟღავნა ეს გეგმები.

მათ შორის, თუ დააკვირდებით, გაამჟღავნა ისიც, რომ ფარული მიყურადებაა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზეც. შესაბამისად, ნებისმიერი მისი განცხადება, ეს არის ზუსტად იმ პანიკის გამოხატულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე ორი დღით ადრე აქვს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ შესაძლო ძალადობრივ შემთხვევებზე საუბარი ამომრჩეველს ვერ დააშინებს – „და მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ პირბადეებით არჩევნებზე. ჩვენ ყველანი ვიქნებით მობილიზებული, რომ დავიცვათ თითოეული ხმა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი