ახალი ამბები

დაგვიბრუნეთ დირექტორი – ხობის სკოლის პედაგოგები მინისტრს მიმართავენ

27 ოქტომბერი, 2020 • 2718
დაგვიბრუნეთ დირექტორი – ხობის სკოლის პედაგოგები მინისტრს მიმართავენ

ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრისგან მოითხოვენ, ყოფილი დირექტორი კობა კვიკვინია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს, საუბრობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაუმჭვირვალობაზე და აცხადებენ, რომ სამართლიანობისთვის „ბოლომდე იბრძოლებენ“.

რა ხდება?

ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი კობა კვიკვინია, რომელიც ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელია, ერთ-ერთია იმ დირექტორთაგან, რომლებსაც 2020 წლის შემოდგომაზე უფლებამოსილება შეუჩერდათ. ოფიციალური მიზეზი უფლებამოსილების ვადის გასვლაა — მათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოეწურათ.

როგორც სკოლის ფეისბუკის გვერდზე 26 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში წერია, — რომელიც სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სახელით იმავე დღეს გაუგზავნეს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს — კვიკვინიამ ვადის ამოწურვამდე, 9 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია (წერილის ნომერი 972727).

თუმცა საქმე ისაა, რომ, ამავე განცხადების თანახმად, რეგიონში დირექტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამავე დროს გაგზავნილ იმავე შინაარსის მოთხოვნაზე — მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე — დადებითი პასუხი მიიღო სამინისტროსგან.

„საინტერესოა, ხობის მუნიციპალიტეტის ყველა დირექტორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა … რა დააშავა ასეთი, რომ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ბრძანება იგვიანებს“? – წერია სამინისტროსთვის სკოლის სახელით გაგზავნილ განცხადებაში.

სკოლის განცხადებით, მათ მიმართეს რესურსცენტრსაც, მაგრამ „სამწუხაროდ, რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია არ პასუხობს არცერთი მასწავლებლის ზარს, იურისტი კი პასუხობს, რომ ამ წერილზე პასუხი არა აქვთ. სამინისტროში ცხელ ხაზზე კი გვპასუხობენ, რომ განხილვის პროცესშია“.

რას ამბობს სამინისტრო?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად. სამინისტროში კობა კვიკვინიას განცხადებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ (გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადა 10 სამუშაო დღეა).

ამასთან, სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა“ და ეს ინფორმაცია „საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი“.

„სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკური მოტივს“, – წერია სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებულ კომენტარში.

„ნეტგაზეთმა“ ასევე სცადა რესურსენტრის უფროსთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

განცხადება, I ნაწილი

განცხადება, II ნაწილი

„ხელფასები არაფერ შუაშია“

პირველი მაისის სკოლის გავრცელებული განცხადების თანახმადვე, 17 ოქტომბერს სკოლის დირექტორის მოადგილეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, 22 ოქტომბერს კი სკოლის ბუღალტერმა მასწავლებლებს აცნობა, რომ „ხელფასს ვეღარ გასცემდა, რადგან სკოლას არ ჰყავს ოფიციალური ხელმძღვანელი, რომელიც ხელს მოაწერს სახელფასო უწყისს“.

როგორც „ნეტგაზეთს“ 27 ოქტომბერს უთხრა სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა სალომე ჯოლოხავამ, — რომელიც სამინისტროში გუშინ გაგზავნილი განცხადების ერთ-ერთი ინიციატორია, — მოგვიანებით მასწავლებლებს ხელფასები ჩაერიცხათ, ოფიციალური პირის ხელმოწერის გარეშე, „ფორსმაჟორის“ გათვალისწინებით, თუმცა:

„მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენ ხელფასებზე არ ვიყავით ორიენტირებული, რომ ხელფასით გავეჩუმებინეთ. ჩვენ დირექტორის დაბრუნებას ვითხოვთ“, – ამბობს ის „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

პედაგოგი სალომე ჯოლოხავა ამბობს, რომ აუცილებელია, გამჭვირვალე იყოს ის პროცესი, რის შემდეგაც სკოლის დირექტორს მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა და სამინისტრომ ცხადად უნდა განმარტოს, თუ კონკრეტულად რის გამო უთხეს მათ დირექტორს უარი საქმიანობის გაგრძელებაზე.

რას ამბობს დირექტორი?

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ყოფილ დირექტორს, კობა კვიკვინიასაც, რომელიც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო:

„სასკოლო საზოგადოება მხარს არ უჭერს ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც ფორმით იქნებოდა გამოვლინება პედაგოგთა ან მოსწავლეთა, მშობლეთა მხრიდან. მსგავსი არაფერი მიგრძვნია და მოულოდნელობა იყო“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რას უკავშირებს ამ ამბავს, ამბობს: „ვერანაირი კომენტარს იმაზე ვერ გავაკეთებ, ეს პოლიტიკური, არაპოლიტიკურია, თუმცა მცდელობები, რომ არის ზოგადად ხოლმე მცდელობები პოლიტიკური კუთხით, ეს ფაქტია“, – ამბობს ის.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ამ ფაქტს იმას, რომ შესაძლოა, არ ყოფილიყო აღქმული, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მან თქვა:

„ვერც დავაადსტურებ და ვერც გამოვრიცხავ. მე უბრალოდ ფაქტი დავაფიქსირე, რომ სამინისტრომ ფაქტობრივად არ მომცა რეკომენდაცია… ჩვენ პასუხი არ მიგვიღია, როცა ყველა სკოლამ ხობის მუნიციპალიტეტში მეორე-მესამე დღეს მიიღო დადებითი პასუხი. ანუ ყველა დირექტორი გათავისუფლდა და უმრავლესობა [მოვალეობის შემსრულებლად] დაინიშნა მეორე-მესამე დღესვე“…

„ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს“

ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „სკოლის ყველა თანამშრომელი მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს ზემოთ აღნიშნული სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, 6 წლით დირექტორის პოზიციაზე მყოფი ბატონი კობას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე“.

„დიახ, ჩვენს სკოლას არ ჰყავს მონა, მორჩილი და მხდალი მასწავლებლები. ჩვენ დავიცავთ ჩვენს დირექტორს“, – წერია სკოლის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია, რომ „სკოლის ყველა თანამშრომელი გამოხატავს აღშფოთებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ითხოვს სასწრაფო რეაგირებას მინისტრისგან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაუყოვნებლივ, უახლოეს ვადებში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ბატონი კობა კვიკვინია“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის თანამშრომლები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომებს“, – წერია განცხადებაში.

როგორც პედაგოგმა სალომე ჯოლოხავამ უთხრა „ნეტგაზეთს“, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ყოფილი დირექტორი „ანონიმური დახასიათების“ საფუძველზე გაათავისუფლეს და „მაშინ ყველას დაემუქრა ის მთავრობა, ყველას უარი ათქმევინეს ბრძოლაზე“.

„კობაზე ეგრე არ ვიზამთ“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში. ფეისბუკზე განცახდებაშიც წერია: „არავინ გაბედოს სკოლის გარევა პოლიტიკურ სიბინძურეში. კანონის მიხედვით სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა. გვაცალეთ, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ბავშვებს. სკოლას მხოლოდ ერთი პოლიტიკა აქვს: საგანმანათლებლო“.


რამდენიმე კვირის წინ, 16 სექტემბერს, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს თბილისის მეათე სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა და სკოლის დირექტორის, ბელა ხუბუტიას გათავისუფლება გააპროტესტეს.

მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას ამოეწურა დირექტორობის ვადა, არჩევნების დანიშვნამდე ჰქონდა უფლება, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენილიყო.

სამინისტროს პასუხი ამ შემთხვევაშიც მსგავსია — უწყებაში აცხადებენ, რომ ამ პროცესში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. თუმცა „ნეტგაზეთს“ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა პრინციპით შეირჩნენ ის დირექტორები, ვისაც მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავეს.

ვრცლად ამ თემაზე:

“არა შერჩევით სამართალს” – სკოლის წარმომადგენლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი