ახალი ამბები

“არა შერჩევით სამართალს” – სკოლის წარმომადგენლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

16 სექტემბერი, 2020 • 1923
“არა შერჩევით სამართალს” – სკოლის წარმომადგენლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

განათლების სამინისტროსთან თბილისის მეათე სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სკოლის დირექტორის, ბელა ხუბუტიას გათავისუფლება გააპროტესტეს. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას ამოწეურა დირექტორობის ვადა, არჩევნების დანიშვნამდე ჰქონდა უფლება, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენილიყო.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, პედაგოგ სოფიო ასათიანის თქმით, ხუბუტიასთვის დირექტორობის უფლებამოსილების შეწყვეტა მის აქტიურობას უკავშირდება:

“დირექტორების უმეტესობას გაუვიდა ვადა, მათ შორის ბელა ხუბუტიასაც, თუმცა ასეთ დირექტორებს არჩევნებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩენის უფლება მისცეს, ქალბატონ ბელას ამის უფლებაც წაართვეს. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მის აქტიურობას ვუკავშირებთ, რადგან ხუბუტია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩვენი სკოლისთვის ერთიანი სივრცის გამოყოფას და ამისთვის არა ერთხელ მიმართა სამინისტროს. იბრძოლა ძალიან ბევრი, იმდენად ბევრი, რომ მისი სახელის გაგონებაც კი აღარ სურდათ სამინისტროში. საბოლოოდ გამოგვიყვეს ერთიანი სივრცე და შენობაც გაგვირემონტეს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გამო დასაჯეს ქალბატონი ბელა”, – განმარტა ასათიანმა.

მისი თქმით, სასწავლო პროცესების სხვა სკოლაში გადატანის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მე-10-ე სკოლის შენობის რეაბილიტაცია აუცილებელი გახდა. როგორც ასათიანმა “ნეტგაზეთთან” განმარტა, სკოლის შენობის დატოვების შემდეგ მოსწავლეები ორ სხვადასხვა შენობაში უნდა გადაენაწილებინათ, თუმცა სკოლის იმდროინდელმა დირექტორმა, ბელა ხუბუტიამ სამინისტროსთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად მოსწავლეების ერთ სკოლაში გადაყვანა მოახერხა. ამასთან, როგორც ასათიანმა განმარტა, სწორედ ხუბუტიას დამსახურებაა ის, რომ 22-ე სკოლის ის ნაწილი, სადაც მე-10-ე სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ, გარემონტდა, პარალელურად კი მე-10-ე სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 15 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, სერგო რატიანმაც. მისი თქმით, ბელა ხუბუტია არ არის ერთადერთი დირექტორი, რომელსაც დირექტორობის უფლებამოსილება შეუწყდა ისე, რომ მოვალეობის შესრულების საშუალება არ მიეცა.

რატიანის თქმით, სექტემბრის დასაწყისში თბილისის მასშტაბით 177 სკოლიდან 110 სკოლის დირექტორს უფლებამოსილების 6- წლიანი ვადა გაუვიდა და ხელშეკრულება შეუწყდა. მიუხედავად ამისა, რატიანის ცნობით, სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შესრულების უფლება დირექტორების დაახლოებით ნახევარს მისცა, ნახევარი კი სკოლიდან გაუშვა.

“პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით, გრძელდება მთელ საქართველოში. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდნენ კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი, თუმცა, ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას”, – განაცხადა რატიანმა.

რატიანმა ასევე მიმართა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე გაუგრძელდა ხელშეკრულება სკოლის დირექტორების მხოლოდ ნაწილს და დაუყოვნებლივ ჩაატაროს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის საჭირო გამოცდები, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

აღნიშნული ინფორმაციების გადასამოწმებლად და სამინისტროს პოზიციის დასადგენად “ნეტგაზეთმა” უწყებას მიმართა, საიდანაც მოგვწერეს, რომ “მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ”. ამასთან, სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთსითვის” მოწოდებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დირექტორს, ვისაც შეუწყდა ხელშეკრულება, აქვს უფლება სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ადასტურებენ თუ არა დირექტორების ნაწილის გათავისუფლებას, ნაწილისთვის კი მოვალეობის შესრულების უფლების მიცემას, სამინისტროსგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ასევე პასუხი არ მიგვიღია კითხვაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პრინციპით შეირჩნენ აღნიშნული დირექტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი