ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“შუშა – ჩვენი იერუსალიმია” – სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანში ომის შესახებ 

25 ოქტომბერი, 2020 • 1782
“შუშა – ჩვენი იერუსალიმია” – სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანში ომის შესახებ 

ავტორი: გუნელ მევლუდი


27 სექტემბრის შემდეგ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებაში მოწოდებები ომზე და საბოლოო გამარჯვებაზე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, იშვიათი მოვლენა არაა. ამავე დროს, ნაკლებად, თუმცა მაინც ისმის მათი ხმა, ვინც ომის ფასად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგია. 

მეორე ყარაბაღის ომი – ასე უწოდებენ აზერბაიჯანელები 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე გაგრძელდება, რაც აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე შვიდი რაიონის დაბრუნებას ნიშნავს. 

რას ფიქრობს აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება ომზე? 

პორტალ AzLogos.eu თანადამფუძნებელი, კულტუროლოგი ელმირ მირზოევი:

“აქ საქმე არა მხოლოდ ყარაბაღში, ასევე მასთან ერთად ოკუპირებულ შვიდ რაიონშია, რომელთა საერთო ფართობი მთიანი-ყარაბაღის ტერიტორიაზე დიდია და სადაც სომხურ მოსახლეობას არასოდეს უცხოვრია. იქიდან 1993 წელს 800 ათასზე მეტი დევნილი გვყავს და უკანასკნელ 27 წელიწადში ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ადამიანებმა დაკარგეს სახლები, მიწები და მრავალი წელი საშინელ საცხოვრებელ პირობებში იქ დაბრუნებას ელოდნენ. 

სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარე არაფრად აგდებდა საერთაშორისო სამართალს და გაეროს რეზოლუციებს, არც ჰუმანიტარულ კატასტროფას ამ რეგიონებში.  

1994 წლიდან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რადგან აზერბაიაჯანს ომი არ სურდა. აზერბაიჯანის ყველა ლიდერი, ილჰამ ალიევის ჩათვლით, ყოველთვის ხაზს უსვამდა ამას, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც არ შეიცვალა სომხეთის ხელისუფლების ხედვა. 

ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლება სრულიად არაადეკვატური გახდა: პრემიერ მინისტრმა საკუთარ თავს უფლება მისცა ისეთი გამოთქმებისა, როგორიცაა “ყარაბაღი – სომხეთია”, შემდეგ კი საკმაოდ არაპრაგმატული ნაბიჯები გადადგა, რომელიც აზერბაიჯანის დამცირებას ემსახურებოდა, ისეთი როგორიცაა ყარაბაღის პრეზინდენტის არაიკ არუტუნიანის შუშაში [ქალაქი ყარაბაღში] ინაუგურაცია. აზერბაიჯანისთვის წმინდა ქალაქში, ჩვენი კულტურის ბასტიონში. რამდენადაც შუშა – ჩვენი იერუსალიმია”.


აზერბაიჯანში პოპულარული რადიოჟურნალისტი “ფატეჰი” ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი ამჟამად ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ცდილობს და მისი ყველა ქმედება გამართლებულია. 

“ჩვენი მიზანი ხალხის ან უფრო მეტი ხალხის დახოცვა არ არის, უბრალოდ ჩვენი მიწების დაბრუნებას ვცდილობთ და სომხეთს, მშვიდობისკენ მოვუწოდებთ”. 

ამავე დროს, ჟურნალისტი ამბობს, რომ პროფესია ავალდებულებს, ომის გაშუქებისას ეთიკა დაიცვას.

“ჩვენ ჟურნალისტებსაც გვაქვს ეთიკური ვალდებულებები. ეს ომის შესახებ რიტორიკას ეხება. არ შეიძლება სიძულვილის შემცველი გამონათქვამები როდესაც მოწინააღმდეგე მხარეზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნება, სადაც მტრის ჯარის დახოცილების სახეებს ვაჩვენებთ, არ შეიძლება სიძულვილის პროპაგანდა. ასეთი რიტორიკა საზიანოა და მხოლოდ ჩვენი არმიის რეპუტაციაზე მოქმედებს ცუდად”. 


ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ასევე, მხარს უჭერს სამხედრო მოქმედებებს ყარაბაღში. ის სოციალურ ქსელებში დისკუსიებში ომში აზერბაიჯანის სიმართლეზე ხშირად საუბრობს. 

“ყველა უცხოურ მედიას, რომელიც ომზე მეკითხება, ვეუბნები, რომ ეს ოპერაცია ოკუპაციის დასრულებისთვისაა და არა პირადი კაპრიზი პრეზიდენტი ილჰამ ალიევისა. ამ წლის 15 ივლისს ქალაქის ქუჩებში ხალხი გამოვიდა და ეს მოითხოვა. შესაბამისად, დღევანდელ გამარჯვებებში, სამართლიანობისთვის მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად ჩვენი ხალხის წვლილიცაა, რომელმაც გარეთ გამოსულმა მოითხოვა საკუთარი მიწების დაბრუნება”, – წერს ხადიჯა ისმაილოვა ფეისბუკზე.


ქვეყანაში ნაციონალური სულისკვეთების ფონზე მსგავსი მოსაზრებები არ არის იშვიათი, აზერბაიჯანის ხელისუფლების ყველაზე შეურიგებელი ოპოზიციაც დღეს პრეზიდენტსა და მის სამხედრო პოლიტიკას უჭერს მხარს. 

ამის მიუხედვად, ქვეყანაში მაინც არიან მოქალაქეები, რომლებიც ომის წინააღმდეგ საჯაროდ საუბრობენ, თუმცა მათი ხმები, მილიტარიზებულად განწყობილ საზოგადოებაში თითქმის არ ისმის. 

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

აზერბაიჯანის პაციფისტების გარკვეული ნაწილი, სწორედ ის ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, რომლებიც ან ყარაბაღის პირველ ომამდე სომხეთის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და ომის შემდეგ ორივე ქვეყანაში ნაციონალური განწყობების გამო აზერბაიჯანში წავიდნენ ან იძულებით გადაადგილებული არიან ყარაბაღიდან, რომლებმაც პირველი ომის დროს საკუთარი სახლები დაკარგეს.

მაგალითად, ჰამიგ ჰუსეინოვი, ჟურნალისტი, სომხეთიდან დევნილია. დევნილობის დროს ბავშვი იყო. ნამიგის ოჯახი და ნათესავები ბაქოში 1990- წლის შემდეგ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. ნამიგი ამბობს, რომ არ სჯერა ომის სასიკეთო შედეგების.

“ომები არადემოკრატიული ქვეყნების ხალხებს კარგს ვერაფერს მისცემს. ასეთ შემთხვევებში ომი, უკვე ავტორიტარულ მმართველობას კიდევ უფრო ავტორიტარულს ხდის, როგორც ჩვენს შემთხვევაშია. კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემები. 

როგორც ვაკვირდებით მოვლენებს, იმ დღიდან, როდესაც მეორე ყარაბაღის ომი დაიწყო, აზერბაიჯანის და სომხეთის პარლამენტები, მედია, ოპოზიციაც მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის განცხადებებს აჟღერებს. ეს საერთოდ არ გავს დემოკრატიას.

ორივე ქვეყანაში ადამიანის უფლებები პრიორიტეტი რომ ყოფილიყო, ყარაბაღის საკითხი აქამდე მშვიდობიანად გადაჭრებოდა”, – მიიჩნევს ჰუსეინოვი.


ბლოგერი და აქტივისტი ზამირა აბბასოვა ასევე პირველი ყარაბაღის ომის დევნილია, რომელიც ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდის.

“ჩვენ აზერბაიჯანში 1988 წელს გადმოვედით. მაშინ 4 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს ის საშინელება, რაც გადავიტანთ. მახსოვს პურის რიგები, უშუქობა. მახსოვს, როგორ დაგვცინოდნენ ჩვენი დევნილობის გამო, მახსოვს სკოლები კარვებში, ჯარისკაცების სისხლიანი ცხედრები, რომელთაც ჩვენ გვერდით გამოატარებდნენ ხოლმე მანქანები. აღარ მინდა ამის კიდევ ერთხელ გადატანა. არ მინდა, რომ ჩვენი შვილებიც იმავეს უყურებდნენ და იმავეს გრძნობდნენ”. 

ამავე თემაზე:

“გავიმარჯვებთ” – ომის როგორ დასასრულს ელიან სომხეთის მოქალაქეები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი