ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

1 ოქტომბერი, 2020 • 2325
„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მთიან ყარაბაღში მორიგი ომის ფონზე, აზერბაიჯანელი მემარცხენე აქტივისტები ანტისაომარი მოწოდებით გამოდიან. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ამონარიდებს მათი წერილიდან.

გავრცელებულ განცხადებაში ხელმომწერები წერენ, რომ „ესკალაციის ახალი რაუნდი კიდევ ერთხელ უჩვენებს, რამდენად მოძველებულია ერი-სახელმწიფოს ჩარჩო ამჟამად არსებული რეალობებისთვის“.

„ერთადერთი ოკუპანტი, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, არის უუნარობა, გავცდეთ აზროვნების ისეთ მოდელს, რომელიც ხალხს „ადამიანებად“ და „არაადამიანებად“ ჰყოფს მათი დაბადების ადგილის გამო, შემდეგ კი აწესებს „ადამიანების“ აღმატებულობას დეჰუმანიზებულ „სხვაზე“ და რომელიც ცხოვრების ერთადერთ სცენარად განსაზღვრულ ტერიტორიულ საზღვრებში არსებობას სახავს“.

„ეს [უუნარობა] არის ერთადერთი ოკუპანტი ჩვენი გონებისა და შესაძლებლობებისა … რომელიც ჩვენმა მტაცებულმა ნაციონალისტურმა მთავრობებმა მოგვახვიეს თავს“.

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი, რომელსაც არასოდეს შევხვედრივართ და ალბათ არც არასოდეს შევხვდებით. ჩვენი მტერი არის კონკრეტული ხალხი ძალაუფლების შუაგულში, კონკრეტული სახელებით, თანამდებობებით … რომლებიც ორ ათწლეულზე მეტია, სარგებლის მიღების მიზნით აღარიბებენ და ექსპლუატაციას უწევენ უბრალო ხალსა და ქვეყნის რესურსებს“.

„ისინი შეუწყნარებლები არიან ნებისმიერი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმართ და უშიშროების საზარელი აპარატის საშუალებით მკაცრად ავიწროებენ ასეთი აზრის მქონეთ… ისინი ანადგურებდნენ ჩვენს გარემოს, ჭრიან ხეებს, აბინძურებდნენ წყალს“…

„ისინი დამნაშავეები არიან ქვეყნის მასშტაბით ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და არტეფაქტების გაქრობაში; ისინი რესურსებისგან ცლიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებს, — განათლებას, ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობას, — და ამ რესურსებს შეიარაღებისკენ, სამხედრო ძალისკენ მიმართავენ, რითაც ამდიდრებენ ჩვენს იმპერიალისტური მისწრაფებების მქონე კაპიტალისტ მეზობელბს — რუსეთსა და თურქეთს“.

„უცნაურია, თუმცა თითოეულმა ადამიანმა იცის ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ამნეზიის უეცარი ტალღის ქვეშ ყველა მოჰყვება ხოლმე, როგორც კი გაისვრიან პირველ ტყვიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონტაქტის ხაზზე“.

„ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხს ვადანაშაულებთ: ალტერნატიული სააზროვნო ჩარჩოების არარსებობის ფონზე, ნაციონალისტური იდეოლოგია უკონკურენტოდ რჩება… თუკი არსებობს რაიმე, რასაც ჩვენი, დაფინანსებაშემცირებული საგანმანათლებო ინსტიტუციები ახერხებენ, ეს არის სიძულვილისა და ნაციონალისტური პროპაგანდიის გადმოცემა. რადგან სიძულვილი არასოდეს არის ინდივიდუალური ფსიქიკის პროდუქტი, არამედ კონსტრუირებული და წარმოებულია ძალაუფლებრივი ვერტიკალის მიერ“…

„რომ დავფიქრდეთ: თაობები ვაკუუმში გაიზარდა, — ისე, რომ კონტაქტი არ ჰქონია მათთან, ვისთან ერთადაც საერთო სივრცეში ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში… და, ცხადია, ეს კარგ საფუძველს ქმნის „სხვის“ დეჰუმანიზაციისათვის. არაფერია იმაზე უფრო მარტივი, ყველა მანკიერი თვისება იმ ხალხს მიაწერო, რომელთანაც არასოდეს გქონია ურთიერთობა“.

„გვესმის, რომ წარმოუდგენლად რთულია რეგიონში კიდევ ერთ ომის თავიდან არიდება არსებულ სიტუაციაში… ორივე მხრიდან კეთდება ისეთი განცხადებები, რომელთა გადამოწმებაც რთულია და, შესაბამისად, ქმნის შიშის, ურთიერთსიძულივლისა და უნდობლობის ატმოსფეროს“…

„უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ჩვენ, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა, ჩვენს თავზე ავიღოთ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა. ეს აღარ უნდა იყოს სმოკინგებში გამოწყობილი კაცების პრეროგატივა, რომელთა მიზანიც კაპიტალის — ეკონომიკურისა და პოლიტიკურის — დაგროვებაა…

„კონფლიქტის მოგვარების გზად არ გვესახება სამხედრო დაძაბულობა ან ორმხრივი სიძულვილის გავრცელება. ბოლო სამხედრო შეტაკებები მთიან ყარაბაღში ცალსახად არ მოქმედებს კარგად რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივაზე. არც კი გვინდა წარმოვიდგინოთ ის საფრთხეები, რასაც სრულმასშტაბიან ომში ჩაბმა მოგვიტანს, რადგან გვესმის, თუ რა სახის შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან ჩვენი საზოგადოებებისა და მომავალი თაობისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველ ნაბიჯს, რომელიც კონფლიქტის გახანგრძლივებისა და სიძულვილის გაღრმავებისკენ არის გადადგმული“.

„გვსურს, გადავხედოთ განვლილ გზას და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენს საზოგადოებებსა და ახალგაზრდებს შორის ნდობის აღსადგენად. ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ ნაციონალისტურ და საომარ ნარატივს, რომელიც გამორიცხავს ამ მიწაზე კვლავ ერთად ცხოვრების შესაძლებლობას… ჩვენ გვჯერა, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გზა არის ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი დამოკიდებულება და თანამშრომლობა“.

წერილს ხელს აწერენ ვუსალ ხალილოვი, ლეილა ჯაფაროვა, კარლ ლებტი, ბაჰრუზ სამადოვი, ქიას იბრაჰიმი, სამირა ალაკბარლი, თოღრულ აბასოვი, ჯავიდ აღა და ლელა ჰასანოვა.


მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა. 30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აემოქმედებინა შეჩერების მექანიზმი და მხარეებს მოუწოდა მშვიდობისაკენ.


ქავერი: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

მასალების გადაბეჭდვის წესი