ახალი ამბები

არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს: უდუმაშვილი ბათუმის აქციაზე

17 ოქტომბერი, 2020 • 1214
არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს: უდუმაშვილი ბათუმის აქციაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ბათუმში ჩატარებული აქციის გამო გაერთიანებული ოპოზიციისადმი კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, პანდემიის კრიზისის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვა ხალხმრავლობის გამო ვერ მოხერხდა.

“ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის იყო თერმოსკრინინგის აპარატები, იყო პირბადეები, რომლებიც რიგდებოდა… თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, რის გამოც პრობლემები შეიქმნა ლოჯისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ 5 000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება”, – აღნიშნა მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

უდუმაშვილის განცხადებით, ბათუმის ღონისძიებამ ოპოზიციას დაანახა, რომ შემდგომ აქციებზე უფრო ორგანიზებულები უნდა იყვნენ, რათა კითხვები არ დარჩეს. მანვე სამარცხვინო უწოდა აქციის გამო “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან კრიტიკას და გაიხსენა გასულ თვეებში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც რეგულაციები ასევე არ იყო დაცული. ამ კონტექსტში მან თბილისში, კიკვიძის ბაღის გახსნა ახსენა.


16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის [“ძალა ერთობაშია”] აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. შეიმჩნეოდა სიმჭიდროვე მომიტინგეებს შორისაც.

აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია.

„Პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

აქციის ორგანიზატორები ზემოაღნიშნულის გამო სახალხო დამცველმა გააკრიტიკა. კრიტიკული განცხადებები გაისმა ხელისუფლების მხრიდანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი