ახალი ამბები

რატომ აჯარიმებენ კლუბებს იმისთვის, რაც ეპატიება ხელისუფლებას

24 ივლისი, 2020 • 1885
რატომ აჯარიმებენ კლუბებს იმისთვის, რაც ეპატიება ხელისუფლებას

“ეს არის ორმაგი სტანდარტი” – მიიჩნევენ ის ბარები და რესტორნები, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით დააჯარიმა. მათი შეფასებით, ღონისძიებები, რომელთა გამართვისთვის თითოეული მათგანი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თავად დედაქალაქის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს წახალისებით ჩაატარეს.

პარალელურად, გაჩნდა კითხვებიც: რატომ გამოუწერეს სოლიდური ჯარიმები აღნიშნულ სფეროში მომუშავეებს, როცა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ზოგიერთი ღონისძიებაზე ვიზუალურად შესამჩნევი იყო, რომ არ იცავდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, მაგალითად, პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციას. წესებს რომ არღვევდნენ, ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც აღიარა.

ვინ და რატომ დააჯარიმეს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე დღეებში 10 000 ლარით დაჯარიმებულ ობიექტთა შორის არიან “მზესუმზირა” და კლუბი “მტკვარზე”, ასევე, ბარი “დაისი”.

სამივე შემთხვევაში ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩაატარეს და ერთ-ერთ შეხვედრაზე სახელმწიფოსგანაც მიიღეს გარანტია, რომ არ დააჯარიმებდნენ.

“3-თვიანი კარანტინის შემდეგ, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, ჩვენ დაგვიბარეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

მათ გაგვაცნეს ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც გვეძლეოდა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ჩვენი საქმიანობა და დაგვპირდნენ, რომ დადგენილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევიდოდა.

მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, რომ სურდათ რეგულაციების შემსუბუქება, ბიზნესისთვის ხელის შეწყობა და ამიტომ ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა სავარაუდო დაჯარიმებას, ისინი ყოველთვის გვპასუხობდნენ, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებდნენ და სანქციები ჩვენს წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული”, – აღნიშნავენ საკლუბო სფეროს წარმომადგენლები.

საკლუბო სფეროს წარმომადგენელთა პრესკონფერენცია დედაენის ბაღში. 24.07.20

საკლუბო სფეროს წარმომადგენელთა პრესკონფერენცია დედაენის ბაღში. 24.07.20

მათივე თქმით, მალე აღნიშნულის საპირისპირო მოხდა: გამოქვეყნდა დადგენილება, რომელშიც არათუ შეხვედრაზე განხილული საკითხები არ იყო შესული, არამედ მათი ინდუსტრია საერთოდ ამოღებული იყო კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მინიჭებული ჰქონდა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით რეგულაცია არ არსებობს.

“სწორედ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, 17-18 ივლისს უიქენდზე ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რაც ტარდებოდა თბილისში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა დარღვევათა სია, რომელიც, მისი ცნობით, დაჯარიმებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე გამოვლინდა. გადაცდომებს შორისაა სოციალური დისტანციის წესების დარღვევა, სადეზინფექციო საშუალებების ნაკლებობა, სპეციალური კონტეინერების არარსებობა, დეზინფექციის ჩატარების პროცედურების დაუდასტურებლობა, დასაქმებულთა შორის სპეციალური აღჭურვილობის ნაკლებობა და სხვა.

უწყება ასევე ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში სანქციები სხვა ობიექტებსაც შეეხოთ და მათმა უმეტესობამ სრულად გაიზიარა დარღვევების სერიოზულობა, თუმცა “გამოიკვეთა რიგი ობიექტებისა, რომლებმაც მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია”.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ “მზესუმზირა” და სხვები მათ მიერ ჩატარებული ღონისძიების სპეციფიკის გამოც დააჯარიმეს. მოგვიანებით, “მზესუმზირამ” ინსპექციას სოცქსელშივე უპასუხა, უარყო პროცედურების დაუცველობა და შესაბამისი ფოტომასალითა და დოკუმენტაციით დაადასტურა, რომ ყველა რეკომენდაცია და რეგულაცია დაცული იყო.

ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გაბუნიამ კი “ნეტგაზეთს” ჯარიმის ოქმიც გამოუგზავნა, რომელშიც წერია, რომ 17 ივლისის ღონისძიებით დაირღვა მთავრობის 23 მაისის დადგენილება, კერძოდ:

“შპს “მზესუმზირა” ახორციელებდა შეზღუდულ ეკონომიკურ საქმიანობას, რაც გამოიხატა გასართობი ღონისძიების ორგანიზება-ჩატარებაში”.

“ეს რაღა არის, ვერ ვხვდები, რადგან შეხვედრაზე, რომელიც თავიანთი ინიციატივით შედგა, იყვნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მათ შორის ჩვენ. მერე უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალში არ არის ელექტრონული მუსიკა”, – ეუბნება დავით გაბუნია “ნეტგაზეთს”.

დავით გაბუნია

რეკომენდაციების დარღვევას გამორიცხავს კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნიაც. მისი თქმით, 100-ზე ნაკლები ადამიანი შეუშვა კლუბში, რომელშიც, როგორც წესი, 600 ადამიანი ეტევა და მთავრობის ყველა რეკომენდაცია დაიცვა.

“სიცხის გაზომვა, დისტანციის სტიკერები, ყველაფერი იყო. 87 ადამიანი იყო სულ. დიდი აივანი გვაქვს, დიდი ეზო, ნახევრად ვერანდის ტიპის დარბაზი… ისე იყო ეს ხალხი განაწილებული, რომ დისტანცია ავტომატურად იყო დაცული. არ იყო იქ რაღაც მჭიდრო კონტაქტი. ყველაფერი იყო გათვალისწინებული თავიდან ბოლომდე. მხოლოდ ელექტრონულად გავყიდეთ ბილეთები და ყველა ბილეთის მფლობელის სახელი და გვარი გვაქვს პროგრამაში მონიშნული”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რეკომენდაციების დარღვევას უარყოფს ბარ “დაისის” წარმომადგენელი გუგა კალანდაძეც, რომელიც ასევე დააჯარიმეს 10 000 ლარით.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება, ორგანიზატორთა თქმით, იყო პირველი, პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ.

“იმედია, თბილისელები გვაპატიებენ”

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილების კრიტიკისას ზოგიერთმა გაიხსენა სახელმწიფოს ორგანიზებით ბოლო დროს გამართული რამდენიმე აქტივობა.

13 ივლისს თბილისში განახლებული კიკვიძის სკვერი გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც კონცერტით დასრულდა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერიც ესწრებოდნენ. ასობით ადამიანი ღონისძიებას დისტანციის დაცვისა და პირბადეების გარეშე ესწრებოდა. ფაქტს თავად გახარიამაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები სახელმწიფოს აპატიებდნენ ამ ფაქტს.

„გულს უხარია, დღეს აქ რასაც ვხედავთ. ცოტათი, ოდნავ, ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ 200 ადამიანის შეკრებაზე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამას თბილისელები გვაპატიებენ იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება”, – მიმართა მან ღონისძიების სტუმრებს.

კიკვიძის ბაღის გახსნა

მიმდინარე დღეებში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში, რომელსაც, ადმინისტრაციის თანახმად, 5 დღეში 100 000 ადამიანი ესტუმრა. ხალხმრავალი ღონისძიებით გაიხსნა თბილისში მზიურის პარკიც, მიმდინარე წლის 13 ივნისს.

მიმდინარე დღეებში დაჯარიმებული ობიექტების მფლობელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა უსამართლოა და თუ მოქმედებს შეზღუდვა, ის ერთნაირად უნდა ეხებოდეს ყველას, განურჩევლად ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორისა.

“ეს ძალიან თვალნათელია. ამ ხელისუფლების პირობებში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ორმაგ სტანდარტებს. ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისე ომახიანად ხსნიდნენ ხან კიკვიძის ბაღს, ახლა დენდროლოგიურ პარკზე გამოაცხადეს, რომ 5 დღეში 100 000 ვიზიტორი გვყავდაო, რაც დღეში 20 000 ვიზიტორს გულისხმობს… ეს მაშინ, როცა ჩემს კლუბში   87 ადამიანი იყო, მხოლოდ 70 სახელობითი ბილეთი იყო გაყიდული და მაინც 10 000 ლარით დაგვაჯარიმეს. ამ დროს მათთან ასოცირებული სხვა ღონისძიებები გაფრთხილებასაც კი არ იღებენ”, – აღნიშნავს ქეთა გაბუნია, “მტკვარზეს” დამფუძნებელი.

მარცხნივ: განახლებული მზიურის პარკის გახსნა; მარცხნივ: რიგი დენდროპარკში

გაბუნია მიიჩნევს, რომ ორმაგი სტანდარტის პრობლემა საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სულ არსებობდა. მისი თქმით, “ყოველთვის იყო ის განცდა, რომ ზოგიერთები უფრო თანასწორები იყვნენ, ვიდრე დანარჩენები”. გაბუნია ფიქრობს, რომ სახელმწიფო შესამჩნევად ცუდად ეპყრობა საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო წლებია, განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

“ძალიან სამწუხაროა ეს იმ ფონზე, როცა თბილისი ბოლო წლებში  გახდა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი, კაშკაშა ქალაქი. ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ამ სფერომ ქვეყანას ტურიზმის, ეკონომიკის, ცნობადობის თვალსაზრისით. ამის არგამოყენება და ჩვენი მტრებად გამოცხადება ისევ მათ მოუბრუნდებათ ცუდად”, – ამატებს ის.

“მზესუმზირას” წარმომადგენელი დავით გაბუნია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში სახელმწიფომ საკლუბო სფეროს წარმომადგენლებთან უნდა ითანამშრომლოს, თუმცა ფიქრობს, რომ პირიქით ხდება.

“გარდა იმისა, რომ ეს არის მიზანმიმართული ხელის შეშლა, სხვა მხრივ, ეს არის არაკომპეტენტურობა. იმის მაგივრად, რომ ამ საყოველთაო გაჭირვების ფონზე, რომლისგან გადარჩენას ვცდილობთ, დაგვეხმარონ, მსგავსი ფინანსური სანქციები დგება. გაფრთხილებაც  არ იყო, რომ ეს არ შეიძლება, ან ამის მეტს ვეღარ ჩაატარებთ. ფაქტობრივად, მიგვიტყუეს, ჩაგვატარებინეს ივენთი და დაგვაჯარიმეს”.

“გვაპატიებენ თბილისელებიო და მაგათ თუ პატიობენ თბილისელები, გაჭირვებული სფეროს წარმომადგენლებს რომ ეპატიოთ რაღაც… ჯერ საპატიებელი რა გვაქვს, არაფერი დაგვირღვევია. [თუმცა] დენდროლოგიურ პარკში რომ ხალხი ერთმანეთზე გადადის, თუ ეს არ აუარესებს ეპიდემიოლოგიურ სურათს, ყველანაირი რეკომენდაციით ჩატარებული ივენთი რანაირად აუარესებს?”, – ამბობს დავით გაბუნია.

რიგი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი

რიგი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი

დღის განმავლობაში “ნეტგაზეთი” არაერთგზის შეეცადა საკითხთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. ვერც ერთისთვის მოხერხდა კითხვის დასმა: დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა, უფროსმა ინსპექტორმა კი ჩვენთან გასაუბრება ინსპექტირების პროცესის გამო ვერ მოახერხა.

რა სურთ ახლა კლუბებს

ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, სამართლებრივი გზით აპირებენ ბრძოლას. მანამდე კი მათ დღეს, 24 ივლისს, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სახელმწიფოს მისამართით შემდეგი ოთხი მოთხოვნა გაახმიანეს:

  1. მოიხსნას დაკისრებული ჯარიმები;
  2. ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში;
  3. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც გვექნება საშუალება, განვახორციელოთ ღონისძიებები;
  4. სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი