ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილი “ტვ პირველის” დირექტორის მოადგილე იქნება და საინფორმაციოს წაიყვანს

9 ივნისი, 2022 • 858
ზაალ უდუმაშვილი “ტვ პირველის” დირექტორის მოადგილე იქნება და საინფორმაციოს წაიყვანს

ზაალ უდუმაშვილი “ტვ პირველის” დირექტორის მოადგილე იქნება და მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. აღნიშნულის შესახებ “ტვ პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა ტელეარხის ეთერში განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი უკანასკნელ წლებში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. პარტიის დატოვების შესახებ მან 29 მაისს განაცხადა და დასძინა, რომ მედიაში ბრუნდება.

გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას მან თქვა, რომ დამოუკიდებელ მედიას დღეს ისე ემუქრება საფრთხე, როგორც არასდროს.

დღესვე, 8 ივნისს, პარლამენტმა 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ უდუმაშვილს უფლებამოსილება მისივე განცხადების საფუძველზე შეუწყვიტა.

2017 წლის ივნისში ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც მაშინ „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და 9-საათიანი კურიერის წამყვანი იყო, ტელეკომპანიის დატოვების შესახებ განაცხადა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ის დასთანხმდა შეთავაზებას და იმავე წელს თვითმმართველობის არჩევნებში ენმ-ის მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო. უდუმაშვილი უკანასკნელ პერიოდამდე რჩებოდა პარტიის წევრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი