ახალი ამბები

რატომ გადადგა ტიკარაძე – დეპუტატების შეფასებები

10 დეკემბერი, 2021 • 1490
რატომ გადადგა ტიკარაძე – დეპუტატების შეფასებები

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან  ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეხმაურებიან. ტიკარაძის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავრობაში არსებულ იერარქიაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მინისტრმა ეს იერარქია უნდა დაიცვას.

მისი თქმით, ტიკარაძის გადადგომის „საგანგებო მიზეზი“ გადაღლილობაა.

„რომ მკითხეს, კამათი თუ იყოო [ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის], არც დამალულა ეს კამათი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ კამათის დროს ჭეშმარიტება წარმოიშვება და იმედია, რომ ესეც ის შემთხვევაა. მაგრამ რაღაც უცნაური გამოვიდა ახლა, ეკა ტიკარაძემ არ დაასახელა [მიზეზი] და მოდი, შენ გვითხარი, აბა, ერთი, რა მოხდა რეალურად…

ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ახლა ეს ბანალური სიტყვები, ეკა ჩვენი გუნდის წევრია, მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან და იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზული თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და, აი, ამ დროს კოვიდი შემოვარდნილი, ამდენი მსხვერპლი. რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის საგანგებო, ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ტიკარაძეს „მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის საკმაოდ მაღალი ჰქონდა“.

„რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ, გავა დრო და თავად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა ეკა არსად წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია, მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის საკმაოდ მაღალი ჰქონდა, საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებებიც მიღებულა. მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს – არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, თვითონ ეკა მოინდომებს, რომ ილაპარაკოს ან პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. თუმცა აღნიშნავენ, რომ საბოლოოდ ამა თუ იმ მინისტრის გადადგომასა და დანიშვნაზე გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„დიდი ხანია „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძეს და ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, მაგრამ ამაზე სჯობს, თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია. ბუნებრივია, ამაზე არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელია პასუხისმგებელი[…]

ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე – ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წყვეტს, ვინ უნდა იყოს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ვინ სად უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძეც ფიქრობს, რომ ტიკარაძეს დამოუკიდებლად არ მიუღია გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მისი გადადგომა არ იქნებოდა მისი[ეკატერინე ტიკარაძის] დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ პოლიტიკის კეთება, როცა პოლიტიკოსები არ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ნაბიჯებზე. პირდაპირ არის პასუხისმგებელი ტიკარაძე ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე და პრობლემებზე, რომელიც პანდემიას უკავშირდება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს.

„ასეთი სავალალო შედეგია და ყოველდღე უამრავი ადამიანი გვეყუპება. მთავრობა ამ პროცესის მართვაში ასეთი წარუმატებელია, ცხადია, იქ შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და, როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. მაგრამ ამით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს იმაზე, რაც მოხდა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბრის საღამოს განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

“ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე”, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი