ახალი ამბები

თურქული ხომალდი დაბრუნდა: ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ისევ დაძაბულობაა

14 ოქტომბერი, 2020 • 1346
თურქული ხომალდი დაბრუნდა: ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ისევ დაძაბულობაა

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ვითარება კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქული კვლევითი ხომალდი “Oruc Reis” სადავო წყლებში დაბრუნდა. ანკარა კვლავ ამბობს, რომ მისი უფლებაა, გაზით მდიდარ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოები აწარმოოს, რასაც არ ეთანხმება საბერძნეთი და ერდოღანის ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს. თურქეთი აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც გააფრთხილეს.

ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ხომალდმა უკვე მიაღწია დანიშნულების ადგილს და დღეიდანვე იწყებს სამუშაოებს.

ტერიტორიულ წყლებში, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ანკარა, ისე ათენი, თურქული ხომალდი 12 ოქტომბერს გამოჩნდა. დაგეგმილია კვლევითი სამუშაოები ბერძნული კუნძულის, კასტელორიზოს მიმდებარედ, რომელიც ახლოს არის თურქეთის სანაპიროსთან.

იგივე ხომალდი ამ წყლებში გასულ თვეშიც მოძრაობდა, თუმცა, დაძაბულობისა და არაერთგზის გაფრთხილების შემდეგ, ის კვლავ ანტალიის პორტში გაბრუნდა. ამ ნაბიჯს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიესალმნენ, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გეგმური სვლა იყო და ანკარა “არ დანებებულა”.

ხომალდის სამუშაოების განახლებას საბერძნეთის ხელისუფლების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, დადასტურდა, რომ “თურქეთს არ გააჩნია სანდოობა” და ერთადერთი არჩევანი, რომელიც ევროკავშირს აქვს, ანკარის ქმედებებთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებაა.

ოქტომბრის დასაწყისში გამართულ ევროკავშირის სამიტზე აღინიშნა, რომ ევროგაერთიანება დასჯიდა თურქეთს, თუ ხმელთაშუა ზღვაში ზემოხსენებულ მოქმედებებს განაგრძობდა, სანქციების ამოქმედება კი მიმდინარე წლის დეკემბრიდანვე იყო შესაძლებელი. თუმცა, Reuters-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თურქეთის აქტივობების ფონზე, 2 თვით მოცდა საჭირო აღარ არის.

ამ ფონზე ერდოღანის ხელისუფლება კვლავ თავის პოზიციაზე რჩება და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით კვლევით სამუშაოებს თურქეთის სახელმწიფოს უფლებად განიხილავს.

“ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ვითარება დაძაბონ”, – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ულუსი აქარმა, საბერძნეთზე საუბრისას. მისი თქმით, თურქეთის ფლოტი დაიცავს თავის ხომალდებს.

პროცესში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც არიან ჩართულნი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარამ “ახალი პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს”. მისმა გერმანელმა კოლეგამ თურქეთს ასევე მოუწოდა, არსებული კურსი შეცვალოს, თუ მას მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.


დაძაბულობის მორიგი რაუნდი  ერთმანეთთან მრავალი სხვა მიზეზით დაპირისპირებულ საბერძნეთსა და თურქეთს შორის 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. ამჯერად დაპირისპირება გაჩაღდა გაზით მდიდარი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ირგვლივ, რომლის წყლებიც აქამდეც იყო სადავო ორ ქვეყანას შორის. თუმცა პრობლემამ თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ივლისის თვეში ანკარამ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროებთან, აგზავნიდა სეისმურ საკვლევ ხომალდს ბუნებრივი აირის შემდგომი მოპოვების მიზნით.

საბერძნეთმა იმთავითვე გაახმიანა თავისი მყარი პოზიცია, რომ აღნიშნული წყლები, რომლებშიც ათასობით მცირე ბერძნული კუნძულია მიმოფანტული, ათენის იურისდიქციაშია და თურქეთს იქ რაიმე სახის სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვს. თავის მხრივ, თურქეთის მთავრობაში საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ და საბერძნეთს საერთაშორისო კანონმდებლობის ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდნენ. ათენს იმთავითვე დაუჭირეს მხარი ევროკავშირის ქვეყნებმა.

კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში – თურქეთი და საბერძნეთი დაპირისპირების ზღვარზე

მასალების გადაბეჭდვის წესი