მიმდინარე წლის ზაფხულს თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირების ახალი წერტილი გაჩნდა, ამჯერად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის სადავო წყლებში. დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თურქული კვლევითი ხომალდი “Oruc Reis”, ანტალიის პორტში დაბრუნდა. თურქეთის თქმით, ეს არა უკან დახევა, არამედ, დროებითი, გეგმური სვლაა.
მოლაპარაკებებისთვის ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, თუმცა არცერთი აპირებს საკუთარი პოზიციის შეცვლას სადავო ტერიტორიულ წყლებთან დაკავშირებით, სადაც, როგორც გერმანიის მთავრობაში აღნიშნეს, “ერთმა პატარა ნაპერწკალმაც, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს”.
დაძაბულობის მორიგი რაუნდი ერთმანეთთან მრავალი სხვა მიზეზით დაპირისპირებულ საბერძნეთსა და თურქეთს შორის 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. ამჯერად დაპირისპირება გაჩაღდა გაზით მდიდარი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ირგვლივ, რომლის წყლებიც აქამდეც იყო სადავო ორ ქვეყანას შორის. თუმცა პრობლემამ თავი იჩინა მას შემდეგ, რაც ივლისის თვეში ანკარამ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროებთან, აგზავნიდა სეისმურ საკვლევ ხომალდს ბუნებრივი აირის შემდგომი მოპოვების მიზნით.
საბერძნეთმა იმთავითვე გაახმიანა თავისი მყარი პოზიცია, რომ აღნიშნული წყლები, რომლებშიც ათასობით მცირე ბერძნული კუნძულია მიმოფანტული, ათენის იურისდიქციაშია და თურქეთს იქ რაიმე სახის სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვს. თავის მხრივ, თურქეთის მთავრობაში საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ და საბერძნეთს საერთაშორისო კანონმდებლობის ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდნენ. ათენს იმთავითვე დაუჭირეს მხარი ევროკავშირის ქვეყნებმა.
ძალის დემონსტრირებისთვის, როგორც საბერძნეთმა, ისე თურქეთმა, კვლევითი გემის აქტივობების პარალელურად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო ხომალდები გააგზავნეს და წვრთნები დაიწყეს.
“აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამჟამინდელი ვითარება ცეცხლთან თამაშს ჰგავს. ნებისმიერმა ნაპერწკალმა, შეიძლება, კატასტროფა გამოიწვიოს”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა 25 აგვისტოს, ბერძენ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
ასე გაფართოვდა ევროპასა და თურქეთს შორის არსებული დაძაბულობის მიზეზთა სია, რომელიც ასევე მოიცავს თურქეთის ქმედებებს ლიბიაში, სირიის სამოქალაქო ომსა და პოლიტიკური ნიშნით დევნის კამპანიას ქვეყნის შიგნით.
ევროპის პოზიცია თურქეთის მიმართ უნდა იყოს მკაფიო და მტკიცე – ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოზიცია. მან გასულ კვირას ევროკავშირის 6 ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის, საბერძნეთისას, კორსიკაზე უმასპინძლა. შეხვედრის დაწყებამდე მაკრონმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ევროპის ქვეყნების პარტნიორად აღარ განიხილება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მონაწილე ლიდერები ანკარასთან დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა შეხვედრის კომუნიკეში მკაფიოდ არის ხაზგასმული სანქციებისთვის მზაობაც იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი განაგრძნობს “არალეგალურ მოქმედებებს” სადავო წყლებში.
ზემოაღნიშნულის საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა მაკრონს მოუწოდა, უარი თქვას ამ რიტორიკაზე და მოსალოდნელი “პრობლემების” შესახებაც გააფრთხილა.
“ნუ აწუხებთ თურქ ხალხსა და თურქეთს”, – თქვა მან სატელევიზიო მიმართვისას სტამბოლში, 12 სექტემბერს.
“ბევრი პრობლემა გექნებათ ჩემთან”, – დასძინა ერდოღანმა.
აღნიშნული განცხადებების გაცვლა-გამოცვლის პარალელურად, დავის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე საბერძნეთი არმიისა და არსენალის გასაძლიერებლად კონკრეტულ გეგმას ახმიანებს: 12 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცორაკისმა განაცხადა, რომ ათენი შეიძენს ფრანგული წარმოების 18 სამხედრო თვითმფრინავსა და 4 ვერტმფრენს, ასევე, გაზრდის არმიის შემადგენლობას 15 000 სამხედრო მოსამსახურით და ჩადებს დამატებით რესურსს როგორც ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის, ისე – კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით.
რას ამბობენ აშშ და რუსეთი
ვითარების დაძაბვიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე მოვლენებზე და დიალოგისკენ მოუწოდა ნატოს ორივე წევრს, როგორც საბერძნეთს, ისე – თურქეთს.
გასულ კვირას კი, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, საბერძნეთის მოკავშირე კვიპროსში ვიზიტისას, თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ესკალაციას გამოიწვევს. როგორც მან კვიპროსის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ვაშინგტონი “ღრმად შეშფოთებული რჩება” ანკარის ქმედებებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.
კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, მედიატორის როლი შეასრულოს მოლაპარაკებებში აღნიშნული კრიზისის გადასაწყვეტად.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისში, რუსეთმა სამხედრო წვრთნების ორი სერია დააანონსა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. პირველი წვრთნის პერიოდად 8-22 სექტემბერი განისაზღვრა, მეორისა კი – 17-25 სექტემბერი.
თურქეთის ხომალდი უკან გაბრუნდა, თუმცა, დროებით – რა მოხდება შემდეგ
13 სექტემბერს, თითქმის ერთთვიანი მისიის შემდეგ, თურქეთის კვლევითი გემი უკან, ანტალიის პორტში გაბრუნდა. ანკარის ეს ნაბიჯი საბერძნეთის პრეზიდენტმა “პირველი პოზიტიურ ნაბიჯად” შეაფასა, თუმცა თურქეთმა მალევე დააზუსტა, რომ ეს მხოლოდ გეგმური გადაწყვეტილებაა და “არ დანებებულა”.
“იქნება დაგეგმილი მოძრაობები როგორც წინ, ისე – უკან”, – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა და დაამატა, რომ თურქეთი ემხრობა მშვიდობასა და დიალოგს, თუ მისი სურვილები და მოთხოვნები შესრულდება.
თურქეთის მზაობა დიალოგისთვის დაადასტურა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ვიდეოსაუბრის დროს, თუმცა ისიც დასძინა, რომ “განაგრძობს აქტიური პოლიტიკის გატარებას თურქეთის ხელთ არსებული უფლებების ფარგლებში”.
კრიზისში ერთ-ერთი ბოლო აქტივობა აღინიშნა 13 სექტემბერს, როდესაც საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ სადავო წყლებში მდებარე ერთ-ერთ მცირე კუნძულზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად სამხედრო ვერტმფრენით ჩაფრინდა .
კუნძულის მოსახლეობისადმი მიმართვისას ქვეყნის პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ თურქეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იქამდე არნახული დაძაბულობა შექმნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთი მუდმივად მზადაა დიალოგისთვის და პოლიტიკური დისკუსიისთვის, თუმცა თურქეთის მხრიდან ვითარების დეესკალაცია პოლიტიკური დისკუსიის უმთავრესი წინაპირობაა.
ტელეკომპანია CNN-ს კითხვას, რატომ აფართოებს ქვეყანა სამხედრო არსენალს ახლა, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
“…თუ მშვიდობა გინდა, ყოველთვის უკეთ უნდა იყო მომზადებული ომისთვის. ერთმა ძველმა ბერძენმა თქვა ასე, ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად”.
საკელაროპოლუს ეს ვიზიტი თურქულ მხარეს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თქვა:
“თითქოს სხვა კუნძული არ იყო [დღესასწაულის] აღსანიშნად, [მაინცდამაინც] იქ წავიდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს”.
კრიზისის თითოეულ განვითარებას ყურადღებით აკვირდება როგორც ნატო, ისე – ევროკავშირი და სხვა სუბიექტები. ვითარებას რამდენიმე ფაქტორი მეტად ართულებს: ათწლეულების განმავლობაში კვიპროსში მიმდინარე კრიზისიდან აია-სოფიამდე, თურქეთისა და საბერძნეთის ურთიერთობის ისტორია პოლიტიკური სირთულეებითაა სავსე.
ამას ემატება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კომპლექსურობაც, რესურსებით სიმდიდრე და კონფლიქტები სირიასა და ლიბიაში, რომელთაც დიდი პოლიტიკური მოთამაშეების, მათ შორის, თურქეთისა და რუსეთის, ინტერესები გასდევს ფონად. ყოველივე ამის ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზემოხსენებული გაფრთხილება, მართალია, აგვისტოში გახმიანდა, თუმცა ცხელ ზაფხულს არ ჩაჰბარებია.