ახალი ამბები

გარეჯი არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით — თალაკვაძე კუბილიუსზე

14 ოქტომბერი, 2020 •
გარეჯი არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით — თალაკვაძე კუბილიუსზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მიუღებელია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით.

“კუბილიუსმა თქვა, რომ დავითგარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის არის საინტერესო, სასაცილოაო. ჩვენთვის დავითგარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და, იმედი მაქვს, კუბილიუსი ამ თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს”, – თქვა თალაკვაძემ.

სინამდვილეში, ანდრიუს კუბილიუსს არ უთქვამს, რომ დავით გარეჯის საკითხი სასაცილოა. ის გამოეხმაურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას. კუბილიუსისის მოსაზრებით, ამ გზით საქართველოს ხელისუფლებას რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს და სწორედ ეს არის სასაცილო. მან ტვიტერზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“ქართულმა უწყებებმა დააკავეს ორი საჯარო მოხელე “აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონო გადაცემის” ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად – სუსტი პასუხი პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა”, – ამბობს კუბილიუსი, რომელიც ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის წევრია.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ სცადა, პარლამენტის თავმჯდომარისთვის აეხსნა, რომ კუბილიუსის ნათქვამი იყო სხვა კონტექსტში, რასაც თალაკვაძის გაღიზიანება მოჰყვა და ჟურნალისტს კუბილიუსის განცხადებისგან გამიჯვნა მოსთხოვა.

“თქვენ არ ემიჯნებით? ამიხსენით, რა კონტექსტში ჰქონდა ნათქვამი? მოდიხართ და სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ. როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და პოზიცია არა გაქვთ, ეს არის ძალიან ცუდი”, — მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება “არავის მისცემს უფლებას, რომ დავითგარეჯა და ნებისმიერი კულტურული და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს”.

კუბილიუსი: მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებით “ოცნებას” პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი