ახალი ამბები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს

12 ოქტომბერი, 2020 • 1399
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კვლავ მიიღებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს, 12 ოქტომბერს, კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკად, მერე გადავკეთდით. დღეის მონაცამებით, მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი,კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია, ახალშობილთა და ბავშვთა 18-საწოლიანი რეანიმაცია, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში. ასე რომ, ჩვენი კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში”, — განაცხადა რატიანმა.

ამასთან, კლინიკური ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კოვიდკლინიკებისთვის შემუშავდება ახალი ერთიანი საერთო წესი როგორც თერაპიულ, ასევე, რეანიმატოლოგიურ ნაწილში.

კლინიკიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შეიქმნება “ოპერატიული ჯგუფები”, სადაც იქნებიან როგორც რეანიმატოლოგები, ასევე ინფექციონისტები. ამ “მობილური ჯგუფების”, როგორც მათ თენგიზ ცერცვაძე უწოდებს, ფუნქცია იქნება ეფექტიანი კომუნიკაციის ქონა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ კლინიკებთან. ამასთან, ამ ჯგუფებმა უნდა შეისწავლოს კოვიდკლინიკებში არსებული მდგომარეობა და გამოავლინოს მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები.

“ვინაიდან გამოჩნდა ტენდენცია შემთხვევების მატებისა, მათ შორის, სიკვდილიაონობის თუნდაც ერთეული მატების, სამინისტრომ გადაწყვიტა, ამაზე მყისიერი რეაგირება მოეხდინა. მინისტრმა დასახა ასეთი გეგმა, რომ ხვალ კლინიკური ჯგუფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, სადაც შემუშავდება აბსოლუტურად ყველა ნორმატიული დოკუმენტი და მოხდება გაიდლაინის განახლება როგორც თერაპიულ, ასევე, რეანიმაციულ ნაწილებში. მიღებული იქნება ერთიანი, უნიფიცირებული მითითება ყველა კლინიკისთვის”, — განაცხადა ცერცვაძემ.

შემთხვევების მატებასთან ერთად, თვეზე მეტია გარდაცვალების რაოდენობაც იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი დაიღუპა, შედეგად, გარდაცვლილთა ოდენობა 93-მდე გაიზარდა. როგორც წესი, გარდაცვალების მიზეზებად ძირითადად სახელდება პაციენტების თანხმლები დაავადებები და Covid-19-ის მძიმე ფორმით წარმათვა. ჟურნალისტის კითხვაზე, გარდაცვლილებს შორის ხომ არ იყვენენ ისეთებიც, რომელთა შემთხვევაში ლეტალური შედეგი არასწორი მკურნალობის შედეგად დადგა, ცერცვაძე აცხადებს, რომ შეცდომა ან გადაცდომა ექიმების მხრიდან, რასაც ინფიცირრებულის გარდაცვალება მოჰყვა, არ მომხდარა.

მკურნალობის გაიდლაინი განახლდება როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ ნაწილებში — ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი