ახალი ამბები

ლევან რატიანი მოსახლეობას სისხლის დონაციისკენ მოუწოდებს

7 მაისი, 2021 • 1722
ლევან რატიანი მოსახლეობას სისხლის დონაციისკენ მოუწოდებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ფეისბუკზე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

რატიანის თქმით, ქვეყანაში სისხლის დეფიციტია და ის პირები, ვინც სისხლის დონაციას ეწეოდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო სისხლის ბანკებში მისხვლას ვეღარ ახერხებენ, რამაც კრიზისი შექმნა:

“მეგობრებო, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაიღოთ სისხლი, გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე, დღეს, ვიდრე არასდროს, ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის! დღეს, ვიდრე არასდროს, შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი) სისხლის მარაგთან დაკავშირებით.

მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს, რადგან კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 2 თვე უნდა იყოს გასული. მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას, მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა. სისხლის ბანკში დონორი თითქმის აღარ გვყავს. ამიტომ, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან,” — ამბობს ლევან რატიანი ვიდეო-მიმართვაში.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნაციონალურ სისხლის ბანკს” დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ქვეყანაში პანდემიის მიღმაც სისხლის დეფიციტია, თუმცა ახლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ფონზე, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

აღნიშნულ თემაზე დღეს მედიასთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო სისხლის დონორების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, საჭირო ჯგუფის და რეზუსის სისხლის მოძიება მაინც შესაძლებელია ხოლმე.

მიუხედავად ამისა, გამყრელიძის თქმით, მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სისხლს უანგაროდ იღებენ. კერძოდ, დონორების სრულ მოცულობაში ამ პირთა რაოდენობა, მისი თქმით, დაახლოებით 30%-ს შეადგენს. გამყრელიძეც, რატიანის მსგავსად, მოსახლეობას მოუწოდებს სისხლის დონაციისკენ და აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის გაღებულ სისხლს, საშუალოდ, ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

რაც შეეხება ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ პირებს, 7 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვაქცინირებულია 54 687 ადამიანი, რომელთაგან 8 700-ს იმუნიზაცია ვაქცინის ორივე დოზით აქვს ჩატარებული. ამასთან, მოსახლეობის იმ ნაწილის ოდენობა, რომელთაც COVID-19 უკვე გადატანილი აქვთ, მოსახლოების 20%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი