ახალი ამბები

მკურნალობის გაიდლაინი განახლდება როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ ნაწილებში — ცერცვაძე

12 ოქტომბერი, 2020 • 1076
მკურნალობის გაიდლაინი განახლდება როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ ნაწილებში — ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კოვიდკლინიკებისთვის შემუშავდება ერთიანი საერთო წესი როგორც თერაპიულ, ასევე, რეანიმატოლოგიურ ნაწილში.

ამას გარდა, ცერცვაძის ინფორმაციით, შეიქმნება “ოპერატიული ჯგუფები”, სადაც იქნებიან როგორც რეანიმატოლოგები, ასევე, ინფექციონისტები. ამ “მობილური ჯგუფების”, როგორც მათ თენგიზ ცერცვაძე უწოდებს, ფუნქცია იქნება ეფექტიანი კომუნიკაცია ქონა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ კლინიკებთან. ამასთან, ამ ჯგუფებმა უნდა შეისწავლოს კოვიდკლინიკებში არსებული მდგომარეობა და გამოავლინოს მუშაობის სუსტი და ძლიერი მხარეები.

“ვინაიდან გამოჩნდა ტენდენცია შემთხვევების მატებისა, მათ შორის, სიკვდილიაონობის თუნდაც ერთეული მატების, სამინისტრომ გადაწყვიტა, ამაზე მყისიერი რეაგირება მოეხდინა. მინისტრმა დასახა ასეთი გეგმა, რომ ხვალ კლინიკური ჯგუფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, სადაც შემუშავდება აბსოლუტურად ყველა ნორმატიული დოკუმენტი და მოხდება გაიდლაინის განახლება როგორც თერაპიულ, ასევე რეანიმაციულ ნაწილებში. მიღებული იქნება ერთიანი, უნიფიცირებული მითითება ყველა კლინიკისთვის.

გარდა ამისა, შეიქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნება თითო რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და ადმინისტრატორი [მენეჯერი]. ასეთი სულ 4-5 ჯგუფი შეიქმნება ან შესაძლოა- მეტიც. ამ ჯგუფების ძირითადი დანიშნულება იქნება, მყისიერი კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა კოვიდკლინიკასთან, პირველ რიგში კი, თბილისის კოვიდკლინიკებთან და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან, რადგან ის ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში”, – ამბობს ცერცვაძე.

შემთხვევების მატებასთან ერთად, თვეზე მეტია გარდაცვალების რაოდენობაც იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი დაიღუპა, შედეგად გარდაცვლილთა ოდენობა 93-მდე გაიზარდა. როგორც წესი, გარდაცვალების მიზეზებად ძირითადად სახელდება პაციენტების თანხმლები დაავადებები და Covid-19-ის მძიმე ფორმით წარმათვა. ჟურნალისტის კითხვაზე, გარდაცვლილებს შორის ხომ არ იყვენენ ისეთებიც, რომელთა შემთხვევაში ლეტალური შედეგი არასწორი მკურნალობის შედეგად დადგა, ცერცვაძე აცხადებს, რომ შეცდომა ან გადაცდომა ექიმების მხრიდან, რასაც ინფიცირრებულის გარდაცვალება მოჰყვა, არ მომხდარა.

“ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, რაიმე სერიოზული შეცდომა ან გადაცდომა, რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა, მაგრამ კატეგორიულად თუ თქვენ კითხვას ასე სვამთ, ვერ გამოვრიცხავ. ეს ოპერატიული 4-5 ჯგუფი სწორედ იმიტომ იქმნება, რომ ადგილზე შეაფასოს სიტუაცია “, – აცხადებს ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი