ახალი ამბები

მუქარისა და ძალადობის 11 შემთხვევა ერთ თვეში – საია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

12 ოქტომბერი, 2020 •
მუქარისა და ძალადობის 11 შემთხვევა ერთ თვეში – საია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. წინასაარჩევნო პროცესებს საია 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით აკვირდება თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
  • მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
  • პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონოფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ასევე, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.

“სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლის ფაქტები, რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია”, – ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის უგულებელყოფა

ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტი – Log-in Georgia, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი პროექტის იმპლემენტაციაში ფონდ „ქართუს“ როლსა და მის მიერ დახარჯულ მილიონობით ლარზე საუბრობს.

“ფონდი „ქართუ“ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაციაა. ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში მსხვილი პროექტების პერსონიფიცირება იმ მანიპულაციური სტრატეგიის ნაწილია, რომლის შედეგიც სახელმწიფოსა და სახელისუფლებო პარტიას შორის ზღვრის წაშლაა. ეს კი, საბოლოოდ, ამომრჩევლის აღქმას ამახინჯებს და არსებულ უმრავლესობას საარჩევნო უპირატესობას აძლევს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

საია-ს ანგარიშის თანახმად, “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეოუტატობის კანდიდატმა დმანისში კახა ოქრიაშვილმა დაარღვია წესი, რომელიც პარტიას სხვა პირის მეშვეობით, არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვას უკრძალავს. საუბარია „PSP ფარმას“ გავრცელებულ რეკლამაზე, რომლის მიხედვითაც, ის მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს გარკვეული დაავადებების სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატების თურქეთიდან იმპორტს ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. კომპანია ასეთი ტიპის მომსახურებას პაციენტთა ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე ასრულებს. „PSP ფარმას“ 95%-იანი წილის მფლობელია კახა ოქრიაშვილი, რომელიც, იმავდროულად, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატია.

მუქარა და ძალადობრივი მოქმედებები

საია-ს თანახმად, სექტემბრის განმავლობაში ადგილი ჰქონდა მუქარისა და ძალადობრივი მოქმედებების 11 შემტხვევას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ყველა ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათგან ნაწილზე დაწყებულია გამოძიება, ნაწილი კი შესაბამისი ორგანოების რეაგირებას ელოდება. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევა სრულად გამოიძიონ, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ, ხოლო საზოგადოებას საქმეების მიმდინარეობის შესახებ აცნობონ.

ზეწოლა ლელოს აქტივისტზე
2020 წლის 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ მმართველი პარტია „ლელოს“ წევრის, მანანა სულთანიშვილის მიმართ ზეწოლაში დაადანაშაულა. ამ უკანასკნელს დაუკავშირდა ქეთი ღვინიაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორი დიდუბე- ჩუღურეთში და შტაბში დაიბარა, სადაც რიმა ბერაძე და მისი თანაშემწე მაკა სამნიაშვილი დაახვედრა. ისინი მანანა სულთანიშვილს, „ლელოში“ დარჩენის შემთხვევაში, სოციალური დახმარებისა და უფასო სასადილოს სერვისზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით დაემუქრნენ. საიას შეფასებით, ამ მონათხრობში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის – იძულების ნიშნები.
თავდასხმა ლელოს აქტივისტზე
2020 წლის 4 სექტემბერს ლევან სამუშიამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს „ლელოს“ წევრი გიორგი გლურჯიძე სასწრაფო დახმარების მანქანას. დაზარალებულის თქმით, მას რამდენიმე პირი პოლიტიკური მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო. შსს-მ ფაქტზე 1988 წელს დაბადებული გ.დ-ს დაკავების შესახებ განაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2020 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დაპირისპირება ზუგდიდში
2020 წლის 9 სექტემბერს ზუგდიდში „ლელოს“ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პროცესი შეფერხებულია და მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხდება, რაც შემდგომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ საქმის შესწავლა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა საიას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ შემთხვევა ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა გამოიძიოს.
თავდასხმა სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტებზე
2020 წლის 9 სექტემბერს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა Facebook- ზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. როგორც ირკვევა, პარტიის წარმომადგენლებს განთავსებული ჰქონდათ კარავი და აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხებზე პროცენტის განახევრების ინიციატივის მხარდასაჭერად, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა საიას მიზანშეწონილად მიაჩნია ამ საქმის გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით.
ზეწოლა ლელოს აქტივისტზე
2020 წლის 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ირაკლი მატუამ ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ლელოდან“ წამოსვლის სანაცვლოდ, მას სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმება შესთავაზეს, უარის შემდეგ კი დაემუქრნენ – უთხრეს, რომ მის ოჯახს შეექმნებოდა პრობლემები. ირაკლი მატუას, საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორების სანაცვლოდ, გადასცეს 600 ლარი, რომელიც, მისი თქმით, დაშინების გამო აიღო. გარდა ამისა, უყიდეს ბილეთი და ზუგდიდის დატოვება აიძულეს. მოგვიანებით მან Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. ირაკლი მატუამ საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას განმარტა, რომ მას სოციალური ქსელი გაუტეხეს და ეს პოსტი გამოუქვეყნეს. ზემოთ ხსენებული ბრალდებების დასამტკიცებლად, პარტია „ლელოს“ წევრებმა ბრიფინგზე წარმოადგინეს ოთარ ქადარიას ზარების და მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. ირაკლი მატუას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.
თავდასხმა ლეიბორისტების აქტივისტებზე
2020 წლის 16 სექტემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მშენებლობის ღობეზე პლაკატების გაკვრის პროცესში აქტივისტებსა და სამშენებლო კომპანიის („Lafarge betone”) წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა ასახული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტი ახსნა-განმარტების მისაცემად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა არავინ დაუკავებიათ. პარტიის მიერ საია-სთვის მოწოდებული  ინფორმაციით, ეს პირი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მას დაემუქრა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.
ენმ-ის ოფისის დარბევა
 2020 წლის 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. ჩალეწეს მინები და დააზიანეს ბანერები. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
თავდასხმა ენმ-ის აქტივისტებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 18 და 24 სექტემბერს მათ აქტივისტებს თავს დაესხნენ. ჯერ ლაშა ცუცქირიძეს ფიზიკურად გაუსწორდა ორი ნიღბიანი პირი, რაზეც შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, ერთი კვირის შემდეგ კი ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია ნინია ცისკარიშვილის ცემის შესახებ.  თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს ინციდენტები „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის მიერ მმართველი პარტიის ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობის ფაქტის გამოვლენას უკავშირდება, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ სოფელ დიღომში ოფისის დახურვა მოუწია.
ნიკა მელიას ქვები ესროლეს
2020 წლის 27 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატ ნიკა მელიას გლდანულაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვები ესროლეს. საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ნიკა მელიას შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ქვების სროლის შემდგომ მოხდა უმნიშვნელო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელშიც მერიის სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლები, ასევე, მმართველი პარტიის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. გამოძიება დაწყებულია.
დაპირისპირება ბოლნისში
27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის. მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ერთ-ერთის თქმით, ადგილობრივ ჩაიხანასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რა დროსაც მათ თავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ. მათ შორის იყო მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაც. თავად გოგი მეშველიანმა განაცხადა, რომ თავდასხმის ინიციატორები ოპოზიციის წევრები იყვნენ. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
დაპირისპირება მარნეულში
მარნეულში დაპირისპირება 29 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას
მართავდნენ. მათი განმარტებით, აქციის მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის და მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის, ამირან გიორგაძის მიერ საუბნო კომისიის წევრების თვითნებურად არჩევა იყო. აქცია გადაიზარდა ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაახლოებით 16:00-18:00 საათის შუალედში დაპირისპირება გამწვავდა და სამიზნეები ამჯერად, პოლიტიკოსებთან ერთად, ჟურნალისტებიც გახდნენ. დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გივი და ლაშა ქველაძეები, ასევე, „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტები. განსაკუთრებით მძიმე იყო მთავარი არხის ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის მდგომარეობა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ინციდენტთან დაკავშირებით ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 30 სექტემბერს, დილის საათებში, თბილისი-მარნეულის გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელ თემურ შუბითიძეს. დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კამპანიისთვის ხელის შეშლა

საია-ს ანგარიშში საუბარია პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლების შექმნის სამ ფაქტზე. პირველ შემთხვევაში პარტია „ლელოს“ კანცელარიის წინ მდებარე სკვერთან მერიის საზედამხედველო სამსახურმა მათ სააგიტაციო მიზნებისთვის გაშლილი კარავი ააღებინა. იგივე განმეორდა 28 სექტემბერს მეტროსადგურ „ახმეტელის“ შესასვლელის წინ.

გარდა ამისა, საია-ს თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტმა „ერთიან საქართველო – დემოკრატიულ მოძრაობას“ წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვაზე უკანონოდ უთხრა უარი. მუნიციპალიტეტებმა კი დაარღვიეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გამოქვეყნების ვალდებულება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი