ახალი ამბები

ბაქო: განჯაზე სარაკეტო თავდასხმას 9 მოქალაქე ემსხვერპლა

11 ოქტომბერი, 2020 • 1315
ბაქო: განჯაზე სარაკეტო თავდასხმას 9 მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის თანახმად, წუხელ ქალაქ განჯაზე მოწინააღმდეგის სარაკეტო თავდასხმას 9 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანული გამოცემა Apa წერს, რომ თავდასხმა დაახლოებით ღამის 2 საათზე დაიწყო, რის შედეგადაც დაინგრა საცხოვრებელი შენობები, დაზიანებულია მაღაზიები და ავტომობილები.

განჯა, დედაქალაქ ბაქოს შემდეგ, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ფრონტის ხაზიდან შორსაა.

თურქული ტელეარხის, TV 100-ის კადრებში ჩანდა, როგორ მიმდინარეობდა ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში სამაშველო სამუშაოები.

სომხეთის მთავრობას ან ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ განცხადებები განჯის შესახებ.

ყარაბაღის ცნობით, ღამით გრძელდებოდა სტეფანაკერტის დაბომბვა; აზერბაიჯანის ცნობით კი განჯის გარდა, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა მინგეჩაურზე.


განჯაში მოვლენებს წინ უძღოდა სომხური მხარის მიერ სხვადასხვა ქალაქის დაბომბვაზე განცხადება: „იმის მიუხედავად, რომ არცახის თავდაცვის არმია მიჰყვება ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც მოსკოვში დაიდო, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სტეფანაკერტის, ჰადრუთის, მარტუნის და სხვა დასახლებების დაბომბვას“, – დაწერა ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ.

დე ფაქტო სამინისტრომ ასევე უარყო მანამდე განჯის „მიზანში ამოღება“, თუმცა ეს განცხადება აზერბაიჯანული მხარის მიერ რამდენიმე საათით ადრე გაკეთებულ განცხადებაზე პასუხი იყო. ჯერჯერობით განჯაში ბოლო მოვლენებზე საპასუხო განცხადებები ერევნის/სტეფანაკერტის მხარეს კვლავ არ გაუკეთებია.

ამასთან, მანამდე რამდენიმე საათით ადრე ყარაბაღის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფმა 10 ოქტომბრის დილას ქალაქ ჰადრუთში შეაღწია და ორი მშვიდობიანი მოქალაქე — დედა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი — საკუთარ სახლში მოკლა.

ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ „სომხური მხარე ვერ ახერხებს შეეგუოს ჰადრუთის დაკარგვას“. უწყების თანახმად, სომხეთი ამ ადამიანების სახელებს არ ასახელებს, რადგან ისინი „არ არსებობენ და გამოგონილები არიან“.

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესპიკერმა კი განაცხადა, რომ მარტუნი, შუში (შუშა) და სხვადასხვა სოფლები ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.


მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ.

ამასთან, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობების დამატებით შეთანხმებაზე მორიგდნენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დამატებით მოლაპარაკებებზე გამოხატეს მზაობა.

თუმცა, 12:00 საათის შესრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.

ბაქო და ერევანი ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ ერთმანეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი