სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ ერთმანეთს.
რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ.
ამასთან, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობების დამატებით შეთანხმებაზე მორიგდნენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დამატებით მოლაპარაკებებზე გამოხატეს მზაობა.
თუმცა, 12:00 საათი უკვე შესრულდა, რის შემდეგაც მხარეები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმს.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12:05 საათზე ყარახანბეილის [ფუზულის რაიონში] მიმართულებით განახორციელეს შეტევა“, რის საწინააღმდეგოდაც ყარაბაღის დაცვა „შესაბამის ზომებს იღებს“.
აზერბაიჯანის მხარემაც დაადანაშაულა მოწინააღმდეგე შეთანხმების დარღვევავში: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღდეგეთა ძალებმა ტარტარისა და აღდამის დაბომბვა დაიწყეს; სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ტანკის აფეთქება ჩანს და განაცხადა, რომ გაანადგურეს „მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია“.
მოგვიანებით შუშან სტეპანიანმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ტარტარისა და აღდამის რეგიონების მიმართულებით სომხური მხარის თავდასხმა „მორიგი ტყუილია“.
მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზოჰრამ მნაცაკანიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები 9 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე, დაახლოებით 11 საათი გაგრძელდა.
ეს ომის ხელახალი დაწყებიდან მხარეების პირველი პირისპირი შეხვედრა იყო, რომლის მედიატორიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იყო. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სწორედ ლავროვმა გააცნო შეთანხმების 4 პუნქტი:
- 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოხდეს ტყვეების გაცვლა და მიცვალებულების გადასვენება, შუამავლობას კი გასწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება;
- ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობებით დამატებით იქნება შეთანხმებული;
- აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით … იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას;
- მხარეები თანხმდებიან მოლაპარაკებების ფორმატის უცვლელობაზე [ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რუსეთის ფედერაცია, აშშ და საფრანგეთი არიან].
მოლაპარაკებებს წინ უძღოდა არაერთი ქვეყნის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატები კიდევ ერთხელ მიიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ალიევმა მიმართა მოსახლეობას და განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები იყო ბოლო შანსი სომხეთისათვის, დაეტოვებინა ოკუპირებული ტერიტორიები. „მე შევცვალე სტატუს-კვო, ბრძოლის ველზე, და შეხების ხაზის (LOC) აღარ არსებობს“. „ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – ასე დაასრულა მან თავისი სატელევიზიო მიმართვა.