ახალი ამბები

რა იცვლება ბაღებში? – რეკომენდაციები კორონავირუსთან ბრძოლისთვის

9 ოქტომბერი, 2020 • 1566
რა იცვლება ბაღებში? – რეკომენდაციები კორონავირუსთან ბრძოლისთვის

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.

დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბავშვების მიყვანისა და გაყვანის წესს ეხება.

გვანცელაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ სექტემბერში დააწესა ჰიგიენური ნორმების დაცვის სპეციალური სარეკომენდაციო სია, ბაგა-ბაღებში მზადება დაიწყო.

„ყველაზე აქტუალური ცვლილება ამ ეტაპზე გახლავთ ბაღების მიღებისა და გაყვანის წესი. მშობლები როდესაც მოიყვანენ ბავშვებს ბაღში, ეზოში დახვდებათ მარკირებები, „სტიკერები“, სადაც განსაზღვრულია, თუ სად უნდა დადგეს ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ „სტიკერზე“ ასაკობრივი ჯგუფიც 2-დან 3 წლამდე,  3-დან 4 წლამდე და ა.შ. და სწორედ იმ ადგილზე უნდა განთავსეს, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული.

ამის შემდგომ უკვე გამოდის აღმზრდელი შენობიდან, ეკიპირებული პირბადით, ხალათითა და ხელთათმანით, ბავშვს გამოართმევს მშობელს, უტარებს თერმოსკრინინგს და შეჰყავს შენობაში, სადაც დახვდება საბავშვო ოთახში აღმზრდელის თანაშემწე და იტოვებს ბავშვს. როდესაც ყველა ბავშვი შევა ჯგუფში, ამის შემდეგ გრძელდება სააღმზრდელო პროცესი”, – განმარტავს კახაბერ გვანცელაძე.

გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღებს უკვე აქვთ სია და განრიგი, რომლის მიხედვითაც, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე მიიყვანოს ან/და გამოიყვანოს ბავშვი.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მშობელს ბავშვის გაყვანა უფრო ადრე უნდა, გვანცელაძე იმედოვნებს, რომ ასეთი შემთხვევების ოდენობა მინიმალური იქნება, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის ორგანიზებულ პროცესს – „ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევაში მშობელმა 10 წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს”.

ბაგა-ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ თუ მშობელმა ბავშვის გამოყვანა დააგვიანა ან სხვა რაიმე პრობლემა შეექმნა, ამ დროს მას კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ბაღის ადმინისტრაციასთან.

რეკომენდაციების თანახმად, თუ ბავშვს შესვლისას სიცხე დაუდასტურდა, მას მშობელს უკან გაატანენ, რომელმაც თავის მხრივ 112-ში უნდა დარეკოს.

თუ ბავშვს სიცხემ სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას აუწია, ამისთვის ბაღში უნდა არსებობდეს სპეციალური გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვს გადაიყვანენ და ეკიპირებული ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შესახებ შეატყობინებენ მშობელსაც, თუკი ის მოსვლას დააგვიანებს, 112-ში თავად ბაგა-ბაღის თანამშრომლები დარეკავენ – „ინდივიდუალური შემთხვევებს ცალ-ცალკე განვიხილავთ“.

სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას ყველა პირს, რომელიც 6 წელს ზემოთაა, პირბადე უნდა ეკეთოს, რომლის მიწოდებასაც, თავის მხრივ, თბილისში ბაგა-ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს.

ჩვენს კითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბაგა-ბაღის თანამშრომელს ან მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდება, სააგენტოში პასუხობენ, რომ ასეთ დროს ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებენ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კიდევ არაერთ საკითხს მოიცავს, მაგალითად, ბავშვები სახლიდან სათამაშოებს ბაღებში ვეღარ შეიტანენ, უშუალოდ საკლასო ოთახებში კი მათთვის ინდივიდუალურად გამოყოფილი საკანცელარიო ნივთების ყუთები უნდა განთავსდეს.

ამასთანავე, ბავშვების საწოლები საძინებლებში ერთმანეთის საპირისპიროდ უნდა განთავსდეს, ხოლო სათამაშოები თუ თეთრეული სპეციალური წესის დაცვით უნდა გაირეცხოს.

რეკომენდაციების სრული სია ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი