ახალი ამბები

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება

4 ივლისი, 2023 • 729
თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

დედაქალაქის მერის თქმით, პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 16 ივლისის 00:00 საათამდე.

კერზოდ, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  •  მარტოხელა მშობლის შვილი;
  • მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები;
  • სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
  • საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები;
  • საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები;

მეორე ეტაპზე კი დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები

რეგისტრაციის მეორე მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გასტანს. რაც შეეხება მესამე ეტაპს, თბილისის მერის განმარტებით, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო- სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბერის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი