ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას უნდა ველოდოთ ყარაბაღში | ფაშინიანისა და ალიევის განცხადებები

8 ოქტომბერი, 2020 • 1219
რას უნდა ველოდოთ ყარაბაღში | ფაშინიანისა და ალიევის განცხადებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ Euronews-ის ეთერში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს.

რას აცხადებს სომხეთი 

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მიესალმება საერთაშორისო საზოგადოებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და მათ მოწოდებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესახებ.

“ჩვენ მივესალმებით მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, თუმცა თურქეთმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. აზერბაიჯანი მიჰყვება თურქეთის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს და ამას მოწმობს ევროკავშირის საგარეო საქმეების კომისრის განცხადებაც”, – განაცხადა ფაშინიანმა

სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ამ სიტუაციაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა ცნოს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ახლა აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში თურქეთის ხელშეწყობით ჩავიდნენ და სომხური მოსახლეობა მთიან ყარაბაღში არის გაქრობის საფრთხის წინაშე, რადგან ყველა ქალაქი და სოფელი არის მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ სიტუაციაში გადამწყვეტი ზომები მიიღოს და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნოს.”

ფაშინიანის განცხადებით, მშვიდობა ყოველთვის იყო მისი ხელისუფლების უპირველესი მიზანი, თუმცა აზერბაიჯანისთვისმიუღებელი აღმოჩნდა  მის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულა.

“მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის თანაბრად. მე ვარ პირველი ლიდერი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოსავალი მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ აზერბაიჯანისთვის მიუღებელია ეს მიდგომა. მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ეთნიკური წმენდით მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ დაქვემდებარება, ეს კი გენოციდის საფრთხეს წარმოადგენს.”

 

ნიკოლ ფაშინიანი/Euronews

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეუძლებელია კონფლიქტი სომხეთს ან დე ფაქტო ყარაბაღს დაეწყოთ.

“ნათელია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი ვერ დაიწყებდნენ ომს და ამის მიზეზი მარტივია. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო ამოცანები. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიზნები”, – აცხადებს იგი.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა სომხური მხარე მზად, შეწყვიტოს ცეცხლი – ფაშინიანი პასუხობს, რომ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი გადაწყვეტილება.

“დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაველოდებით, თუ როგორ მოვლენ [აზერბაიჯანელები] და მოაწყობენ ჩვენი ხალხის გენოციდს. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. ჩვენი მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვა”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ოფიციალური ბაქოს პოზიცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანის მსგავსად განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია ცალმხრივად.

“ცეცხლის შეწყვეტა ვერ მიიღწევა ცალმხრივად. ეს აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს რეალობაში. სომხეთი თავს დაგვესხა 27 სექტემბერს. თავს დაესხა ჩვენს სამხედრო პოზიციებსა და დააზიანა ჩვენი ინფრასტრუქტურა. ასევე თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, რასაც უკვე შეეწირა თითქმის 30 მშვიდობიანი მოსახლე. სომხეთმა უნდა მოგვცეს დროში გაწერილი განრიგი, თუ როდის გაიყვანს საკუთარ ძალებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს განრიგი ასევე მხარდაჭერილი უნდა იყოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა”, აცხადებს ილჰამ ალიევმა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ცეცხლის შეწყვეტა, საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, ალიევი პასუხობს, რომ სომხური აგრესიის ფონზე, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია.

“ისინი უგულებელყოფენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ითხოვენ სომხური ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო გასვლას. მათ სურთ, სტატუს-კვო შეინარჩუნონ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ სტატუს-კვო მოუღებელია. ახლა აზერბაიჯანი თავად ცვლის არსებულ რეალობას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კონფლიქტის უსწრაფესი გადაჭრისთვის.”

ალიევმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ფაშინიანი და მის განცხადებებს მოლაპარაკებებისთვის ზიანის მომტანი უწოდა.

“ზუსტად ერთი წლის წინ, სომხეთის პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთი იყო. ამ განცხადებამ რეალურად დაანგრია მოლაპარაკებების პროცესი. ასევე, როცა ისინი ქმნიან არალეგალურ დასახლებებს, სადაც უცხოელები სახლდებიან, ასევე არღვევენ ჟენევის კონვენციას და, შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესს” ,- აცხადებს ილჰამ ალიევი.

ილჰამ ალიევი/Euronews

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ახალისებს ან უბიძგებს თურქეთი აზერბაიჯანს კონფლიქტში მონაწილეობისაკენ, ალიევი პასუხობს, რომ ეს არის აბსურდი.

“თურქეთი არის ჩვენი ძლიერი მოკავშირე, პარტნიორი და მოძმე ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი თურქეთის მთავრობის, პრეზიდენტისა და თურქი ხალხის მიმართ. თურქეთს არ აქვს სხვა ტიპის ჩართულობა კონფლიქტში”.

ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის მთავარი იარაღის მიმწოდებელი არ არის თურქეთი და ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ყიდულობს, მათ შორის, თურქულ ტექნიკას, არ უნდა იყოს პრობლემა არავისთვის, რადგან სომხეთი იარაღს სრულიად უფასოდ იღებს.

კითხვაზე, არის თუ არა მზად აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომ სომეხ კოლეგასთან ერთად მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ალიევი აცხადებს, რომ იგი ყოველთვის იყო მზად ამისთვის, თუმცა მოლაპარაკებები მუდმივად უშედეგოდ სრულდებოდა.

“წინა მოლაპარაკებების დროს ჩვენ გვქონდა არსებითი პროგრესი. ჩვენ შევთანხმდით, იმ პრინციპებზე, რომლებიც ახლა საბაზისოა კონფლიქტის გადაწყვეტისათვის. ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები. ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვიყავით 1992 წლიდან და მედიატორები გვეუბნებოდნენ, რომ ცოტაც მოგვეთმინა და სომხური მხარე გახდებოდა უფრო კონსტრუქციული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერ-მინისტრი მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, დაინგრა ყოველგვარი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.”

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოწვევის მიუხედავად, არ ესწრება მინსკის ჯგუფის შეხვედრას, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაშია, სადაც შეხვედრა უნდა გაიმართოს, მიანიშნებს იმაზე, რომ აზერბაიჯანს სურს რეალური მოლაპარაკებები, ხოლო “სომხური მხარე მხოლოდ მანიპულირებს”.

ორი ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ მსგავსი სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერეს Al-jazeera-ს ეთერში, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ცეცხლის გახსნასა და მოლაპარაკებების ჩაშლაში.


27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი