ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის პრეს-სპიკერი აზუსტებს განცხადებას „ორმხრივ დათმობაზე“

6 ოქტომბერი, 2020 • 1524
ფაშინიანის პრეს-სპიკერი აზუსტებს განცხადებას „ორმხრივ დათმობაზე“

ჩასწორება: მასალა განახლდა ფაშინიანის პრეს-სპიკერის დამაზუსტებელი განმარტებით 

სააგენტო „ფრანც-პრესი“ (AFP) იუწყება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა „ორმხრივი დათმობისთვის“ აზერბაიჯანთან.

სააგენტოს ჯერჯერობით გაშუქებული აქვს მხოლოდ ეს ციტატა  და ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, თუ რას გულისხმობდა ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ დათმობაში.

მოგვიანებით ნიკოლ ფაშინიანის პრეს-სპიკერმა მანე გევორგიანმა ფეისბუკზე დააზუსტა ფაშინიანის განცხადება „სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად“ და დაწერა, რომ AFP-სთან ფაშინიანის სრული ციტატა ასეთი იყო:

„კონფლიქტის მოგვარება კომპრომისზე უნდა იყოს დამყარებული. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მხად არიან ორმხრივი დათმობისთვის, ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც აზერბაიჯანი არის მზად“.

გევორგიანმა დაწერა, რომ ჟურნალისტებს მოუწოდებს, სრულ კონტექსტში გაავრცელონ პრემიერ-მინისტრის განცხადებები.

AFP-ის ცნობითვე, ფაშინიანი განცხადებით, სომხეთი „დარწმუნებულია“, რომ თუკი საჭირო გახდება, რუსეთი მას დაიცავს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ჯერჯერობით კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ცოტა ხნის წინ ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

თავის მხრივ, სომხეთი მოლაპარაკებების დაწყებას 1994-1995 წლების შეთანხმებების პირობებში ითხოვს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია.

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

მასალების გადაბეჭდვის წესი