ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

6 ოქტომბერი, 2020 •
4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე. ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. თავის მხრივ, სომხეთი მოლაპარაკებების დაწყებას 1994-1995 წლების შეთანხმებების პირობებში ითხოვს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ რეალობაში, ვერ მოხერხდა ომის თავიდან აცილება და საკითხის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. საინტერესოა, საბრძოლო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, რა ფაქტორები შეიცვალა კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებსა და, ზოგადად, რეგიონში და რა გავლენა იქონია ამ ფაქტორებმა მიმდინარე პროცესებზე. „ნეტგაზეთი“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს ესაუბრა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი ადგილობრივ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო, რასაც მოჰყვა სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც 1994 წლის მაისამდე გაგრძელდა.

#1 რუსეთის როლი

მთიანი ყარაბაღის ომში 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება თავის დროზე რუსეთის მიერ იყო ნაკარნახევი. ასევე, რუსეთი არის ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთთან და აშშ-თან ერთად. ტრადიციულად, სწორედ რუსეთი გახლდათ მთავარი მედიატორი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. გარდა ამისა, სომხეთსა და რუსეთს აკავშირებთ სტრატეგიული მოკავშირეობა და სამხედრო პარტნიორობა.

სომეხი ექსპერტის, „გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის“ საბჭოს თავჯდომარის, სტეფან გრიგორიანის განცხადებით, რუსეთის ჩართულობა კონფლიქტში შეიცვალა.

„დღევანდელ დაპირისპირებაში რუსეთის პოზიცია არ არის აქტიური. იგი ცდილობს არსებული დაპირისპირების საშუალებით გააკონტროლოს ორივე მხარე, აზერბაიჯანიც და სომხეთიც“ ,- აცხადებს სტეფან გრიგორიანი. მისივე თქმით, დღეს რუსეთი სომხეთს არ ეხმარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [სომხეთი] წევრი ვართ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების, რუსეთი არ გვეხმარება. იგი პასიურობით ხელს უწყობს დაპირისპირებას, რათა შემდგომში ადვილად გააკონტროლოს კონფლიქტის ორივე მონაწილე მხარე.“

 

სტეფან გრიგორიანი/Facebook 

ნეტგაზეთის კითხვაზე, ეს ფაქტორი განაპირობებს თუ არა იმას, რომ სომხეთი შეეცდება საკუთარ საგარეო პოლიტიკაში ჩაანაცვლოს რუსეთი, როგორც მთავარი პარტნიორი, ექსპერტი პასუხობს, რომ ომის შემდეგ ეს შესაძლებელია.

„დღეს არა, თუმცა ომის შემდეგ, სავარაუდოა, რომ სომხეთი გარკვეულწილად შეიცვლის საგარეო კურსს, თუმცა, –  არა ახლა.“

ექსპერტის აზრით, რუსეთის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ თურქეთის ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პროცესებში და ის, რომ თურქეთი რუსეთისთვის NATO-ს პრობლემატიკასთან ასოცირდება, რადგან თურქეთს პრობლემური ურთიერთობები აქვს ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, მაგალითად, აშშ-თან, გერმანიასთან და საბერძნეთთან.

„რუსეთისთვის თურქეთის როლი NATO-ში არის მნიშვნელოვანი, რადგან მას NATO-ს განადგურება უნდა. რუსეთის პოზიცია ასეთია, რომ თურქეთს შეუძლია აზერბაიჯანის დახმარება, თუმცა მისი მოქმედებები სხვა რეგიონებში გამოიწვევს NATO-ს დაშლას. ეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი იდეაა, ვიდრე მთიანი ყარაბაღი.“

#2 სომხური დემოკრატიზაცია

სომხეთში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, როგორც ცნობილია, გაუმჯობესდა დემოკრატიის ხარისხი. დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 2018 წელს 111-ე ადგილიდან სომხეთი 103-ე ადგილამდე დაწინაურდა. ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის პოზიცია FreedomHouse-ს რეიტინგშიც. გარდა ამისა, სომხეთმა დაიწყო მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, რაც ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნასთან და არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსული ორიენტაციით, რაც გამოკვეთილი იყო წინა ხელისუფლების დროს. ამავდროულად, საინტერესოა, რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების თანახმად, 2013 წლიდან 2020 წლამდე პროცენტული წილი იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთს სომხეთის „მთავარ მეგობრად“ ასახელებდნენ, 83%-დან 57%-მდეა შემცირებული, რაც სომხური საზოგადოების აღქმით, რუსეთის როლისა და მნიშვნელობის შემცირებას უსვამს ხაზს.

სტეფან გრიგორიანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, რომელსაც არ მოსწონს დემოკრატი პრემიერ-მინისტრი, მკაფიო გზავნილს უგზავნის სომხეთის ხელისუფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუშვებს აზერბაიჯანულ აგრესიას, რითაც შეეცდება სომხეთის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

„რუსეთის გზავნილი ნათელია – არ მოსწონს ნიკოლ ფაშინიანი“ ,- ამბობს სომეხი ექსპერტი.

კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ქართველი ექსპერტი და პოლიტიკური პარტია ლელოს წევრი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ სომხურ გარდაქმნებს რუსეთში დადებითად არ აფასებენ, თუმცა ამას  გადამწყვეტი როლი კონფლიქტის დროს ვერ ექნება.

“დემოკრატიზაცია და ფაშინიანის პერსონა გარკვეულწილად მაინც ამცირებს ერევნისადმი მხარდაჭერას მოსკოვიდან. მოსკოვში, ალბათ, უფრო სხვა ტიპის ლიდერს ამჯობინებდნენ, თუმცა არ მგონია, რომ ამას გადამწყვეტი როლი ჰქონდეს, რადგან ქვეყნის შიგნით არსებული მოწყობა ყოველთვის არ ითარგმნება, როგორც გარე ძალების უპირობო მხარდაჭერა ან მეტოქეობა”, – მიიჩნევს კანაშვილი.

გიორგი კანაშვილი/Facebook

კანაშვილი, ასევე, ეხმიანება მოსაზრებას, რომ კონფლიქტის გაჩაღება უფრო მეტად დემოკრატიულ ან სოციალურ ზეწოლას უკავშირდება, რომელზეც კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ყურადღების გადატანის მიზნით, საგარეო აგრესიით პასუხობენ.

„ბოლო დროს, ეს არ ყოფილა მნიშვნელოვანი საკითხი. ალბათ, ისევ ფაქტორთა ერთობლიობა და არა ერთ-ერთი ფაქტორი. ვფიქრობ, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კეთდება ასეთი განცხადებები. არ მგონია, რომ მხოლოდ ასეთი ზეწოლებით გადაეწყვიტათ მხარეებს ფართომასშტაბიანი დაპირისპირება“, – აცხადებს იგი.

#3 ძლიერი აზერბაიჯანი 

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს 1994-95 წლებში, ქვეყანა ჩაერთო მოლაპარაკებების მრავალწლიან ფორმატებსა და რაუნდებში.

„პირველ რიგში, აზერბაიჯანში იყო იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმეს შეცვლიდა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში აზერბაიჯანელი ექსპერტი ლეილა ალიევა.

„მოლაპარაკებები აღმოჩნდა აბსოლუტურად ფორმალური, არ იყო რაიმე სახის პროგრესი, შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ იყო პრობლემები მოლაპარაკებების მექანიზმსა და ფორმატში. არ შესრულებულა გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციები, მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანი გახდა ძალიან ძლიერი“.

ექსპერტის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნავთობით მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლებელი გახადა ქვეყნის სამხედრო კუთხით გაძლიერება.

„2006 წელს ნავთობიდან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და აზერბაიჯანმა შეძლო ეყიდა იარაღი არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ისრაელიდან.“

ლეილა ალიევა მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი სტრატეგიების მარცხი აშკარაა.

„ჰეიდარ ალიევს ქონდა სამშვიდობო სტრატეგია, სადაც აზერბაიჯანი ეკონომიკურ უპირატესობას ეყრდნობოდა, განსხვავებით სომხეთისა, რომელიც მოლაპარაკებებში სამხედრო უპირატესობებით პოზიციონირებდა. აზერბაიჯანი და მოლაპარაკების მოდერატორი მხარეებიც კი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სომხეთი და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით მომხდარიყო შეთანხმება. ასევე მნიშვნელოვანია თურქული ემბარგოც, თუმცა ამან არ იმუშავა. სომხეთმა ეს არ მოისურვა. იგივე იყო ილჰამ ალიევის შემთხვევაშიც. ისიც ფიქრობდა, რომ ენერგოპროექტებში ჩართვის სანაცვლოდ, სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, მაგრამ ეს არ მოხდა.“

ლეილა ალიევა / Facebook

აზერბაიჯანელი ექსპერტის განცხადებით, აღნიშნულიდან და  სომხეთის ახალი ხელისუფლების რადიკალური ნაბიჯებიდან გამომდინარე აზერბაიჯანში დაკარგეს იმედი, რომ პრობლემას მშვიდობიანი გზით გადაჭრიდნენ.

ნიკოლ ფაშინიანმა გასული წლის 5 აგვისტოს. მთიან ყარაბაღში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთი იყო, რასაც შეკრებილი მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა. შეხვედრაზე ისმოდა შეძახილი “მაიცუმ”, რაც ქართულად ნიშნავს “გაერთიანებას”. აღნიშნული ლოზუნგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების დროს გახდა პოპულარული, როდესაც სომეხი მოსახლეობა სომხეთის რესპუბლიკასთან ითხოვდა გაერთიანებას. ასევე, 2020 წლის მაისში ფაშინიანი იმყოფებოდა ქალაქ შუშაში, სადაც ყარაბაღის ომში გამარჯვება და ქალაქის “განთავისუფლება” აღნიშნა, რასაც მოჰყვა მწვავე შეფასებები აზერბაიჯანული მხრიდან.

„თუ ახლა ჰკითხავთ ხალხს, ისინი გეტყვიან: ომი ცუდია, მაგრამ რა არის სხვა გამოსავალი?!“ – აცხადებს ალიევა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მიუხედავად აზერბაიჯანის მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკისა რუსეთის ფედერაციის მიმართ, ხომ არ ცდილობს ის „თურქულ ბანაკში“ გადასვლას, ალიევა პასუხობს, რომ ეს მხოლოდ აზერბაიჯანზე არაა დამოკიდებული და ხშირად ქვეყნების ბედი დიდი სახელმწიფოების მოლაპარაკებების საგანია.

თურქეთის აქტიური ჩართულობა

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტებში, მათ შორის: ერაყში, სირიასა და ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებებში. ასევე, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, მეტოქეობაში იმყოფება ეგვიპტისა და საბერძნეთის წინააღმდეგ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემდეგ კი, პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და დახმარება აღუთქვა.

„თურქეთი ყარაბაღის ომში 90-იანებშიც იყო ჩართული, ძირითადად მოხალისეებისა და სამხედრო ინსტრუქტორების სახით, თუმცა ეს იყო მინიმალური ჩართულობა“, – აცხადებს კავკასიური სახლის მკვლევარი სანდრო ბაკურაძე.

მისი განცხადებით, თურქეთი დღეს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში ორი ძირითადი მიზეზით ჩაერთო.

„პირველი, ეს არის შიდა პოლიტიკური მიზეზი. თურქული ნაციონალისტური მოძრაობის პარტია უბიძგებს ერდოღანს შესაბამისი მოქმედებებისკენ, რადგან ახლა მისი ხელისუფლება პრაქტიკულად მათზეა დამოკიდებული. მეორე კი ისაა, რომ კავკასიაში გააქტიურებით თურქეთი ცდილობს, რომ მეტი ჰქონდეს სავაჭრო რუსეთთან, მათ შორის, ლიბიაზე, სირიაზე და სხვა.“

 

სანდრო ბაკურაძე/Facebook

სანდრო ბაკურაძის განცხადებით, თურქეთის ჩართულობამ რეგიონში გაზარდა აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობები.

თურქეთსა და აზერბაიჯანს, წელიწადის განმავლობაში, საშუალოდ 10 ერთობლივი სამხედრო წვრთნა აქვთ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ქვეყნების ლიდერები მუდმივად აფიქსირებენ ერთმანეთისადმი მხარდაჭერას. 2020 წლის ზაფხულში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ ბაქოში ვიზიტით მყოფმა თურქმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ არის მარტო და თურქეთი ყოველთვის დაეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაში.

„თურქეთი შემოდის სცენაზე, თუმცა არ ერთვება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ, – ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს“, – აცხადებს ლეილა ალიევა.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დატოვა რეგიონი და. მეორე მხრივ, გამოჩნდა ახალი მოთამაშე – თურქეთი, სიტუაცია კავკასიაში ძალიან პოლარიზებული გახდა.


მთიან ყარაბაღში სახმედრო დაპირისპირებული კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, გაეროს უშიშროების საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა თუ ცალკეული ქვეყნების მოწოდებებისა,  ცეცხლი არ წყდება. სექტემბერში განახლებული კონფლიქტი ყველაზე დიდი სამხედრო ესკალაციაა, რაც მხარეებს შორის მომხდარა ომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი