ახალი ამბები

EU და აშშ შრომის კოდექსში ცვლილებებს მიესალმებიან

30 სექტემბერი, 2020 • 884
EU და აშშ შრომის კოდექსში ცვლილებებს მიესალმებიან

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობები საქართველოში შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ და საქართველოს ულოცავენ ამ ცვლილებას. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებმა გაავრცელეს. 

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია:

“ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მიღებას. ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით”, – წერია განცხადებაში. 

ჰარცელის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვის, ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის ნაწილში შეტანილი ცვლილებები. 

შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მიესალმება ამერიკის საელჩოც. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის განსაკუთრებული. 

ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება”, – წერია განცხადებაში. 

პარლამენტმა გუშინ, 29 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენაზე 82  ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტში ისეთი თემებია ასახული, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი