საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, დასაქმებულები, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში, წინასწარ და პერიოდულად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.
ბრძანების თანახმად, სამედიცინო შემოწმების ხარჯებს აანაზღაურებს დამსაქმებელი და არა დასაქმებული.
ბრძანება ვრცელდება როგორც კერძო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებზე, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებზეც.
“დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსათვის, ანუ იმ დაავადებებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით.
პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.
პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი ამოცანებია: მოქმედ საწარმოო ფაქტორთან და ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.
დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ღამის სამუშაოზე პირის დასაქმებამდე და ამ დანართის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით, დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.
დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ”, – წერია გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.