ახალი ამბები

შრომის რეფორმა მე-2 მოსმენითაც მიიღეს – რა შეიცვალა

17 სექტემბერი, 2020 •
შრომის რეფორმა მე-2 მოსმენითაც მიიღეს – რა შეიცვალა

17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი შრომის რეფორმას. ცვლილებები შედის შრომის კოდექსსა და მისგან გამომდინარე 10-ზე მეტ კანონში. პაკეტს მხარი 88 პარლამენტარმა დაუჭირა, დამსწრეთაგან წინააღმდეგ არავინ წასულა.

ახლა დარჩა მე-3 კენჭისყრა, რომელიც 29 სექტემბერსაა დანიშნული. რეფორმის ავტორმა, პარლამენტარმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მესამე მოსმენისთვის პლენარულ სესიაზე წარმოდგენილ პროექტში ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა:

აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურებულიყო შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, არანაკლებ ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა.

შესაბამისად, შრომის კოდექსში დარჩება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია, რომელიც ადგენს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება.

ეს მუხლი ზეგანაკვეთურის ანაზღაურების მინიმალურ განაკვეთს არ ადგენს, რაც პრაქტიკაში დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, მინიმალურად/ნომინალურად აანაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო.

რას ამბობს რეფორმის ავტორი

თუმცა, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, შრომის ინსპექციისა და სასამართლოს მომავალი პრაქტიკიდან გამომდინარე, დასაქმებულს მაინც მოუწევს „ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების რეალურად მომატებული ტარიფით გაცემა“.

ცქიტიშვილის თქმით, არსებობდა ორი გზა: დაეწესებინათ 125%-იანი ზღვარი, ან წასულიყვნენ სასამართლო პრაქტიკით, და რახან პირველ გზაზე ბიზნესასოციაციამ და ხელისუფლებამ უარი თქვეს, რჩება მეორე, — „უფრო რთული გზა“, რაზეც პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.

„გასაგებია, რომ არ იქნება ჩანაწერი მინიმუმ 125%-ით ანაზღაურებაზე, მაგრამ ის, რომ ზოგიერთი კომპანია ძალიან ნომინალურად უმატებს დასაქმებულს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ეს, უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნება კანონდარღვევად“.

როგორც ის „ნეტგაზეთს“ ეუბნება, სასამართლოში უკვე ორი პრეცედენტია, როდესაც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებად დადგენილია 125-პროცენტიანი და 150-პროცენტიანი ანაზღაურება, შრომის ინსპექციას კი მომავალში შეეძლება, ამ პრეცედენტებს დაეყრდნოს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად.

„ეს არის რთული, რისკიანი გზა და არ არის სწორი არც ბიზნესისთვის და არც დასაქმებულებისთვის. დასაქმებულს გარანტია არა აქვს, ბიზნესმენებისთვის კი ეს იქნება მოულოდნელობა. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიზნესასოციაციას და მთავრობას“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

დიმიტრი ცქიტიშვილმა წინა დღით კომპრომისზე წასვლის მზაობა პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვების სურვილით ახსნა და განმარტა, რომ კანონის მიღებისთვის აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერა, ამდენად, იგი შერბილებულ ვარიანტს მხარს დაუჭერდა.

ამის მიუხედავად, დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმადვე, პაკეტში სხვა უამრავი ნორმაა, რაც დასაქმებულებს დაეხმარება, თავიანთი უფლებები დაიცვან.

შრომის ინსპექცია ძლიერდება

მეორე მოსმენით ძალაში დარჩა, — და, სავარაუდოდ, მესამე მოსმენითაც არ შეიცვლება, — რეფორმის საყრდენი, რაც შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას გულისხმობს და რასაც წლებია, პროფკავშირები, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები ითხოვენ.

ევროპარლამენტმა წინა დღით, 16 სექტემბერს, პლენარულ სესიაზე საბოლოოდ მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში, სხვა შეფასებებთან და რეკომენდაციებთან ერთად, ევროპარლამენტარები სექტორული თანამშრომლობის ნაწილში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, განაგრძოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, მათ შორის, წინსვლა შრომის ინსპექტირების ნაწილში.


აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენისთვის წარდგენილ ვერსიაში უკვე ამოღებული იყო კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც მთავრობას ავალდებულებდა, 2022 წლამდე დაედგინა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მექანიზმი, მოქმედების ფარგლები და ანაზღაურების დაცვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი.


ვრცლად რეფორმაზე:

ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

ევროპარლამენტის ანგარიში და შრომის რეფორმის ბედი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი